უნივერსიტეტებისა და სტუდენტების რაოდენობა
2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 75 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო, მათ შორის, 20 – სახელმწიფო, ხოლო 55 – კერძო. ყველა უმაღლეს სასწავლებელში ერთად 143 808 სტუდენტი სწავლობს. მათი 65% სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს უმაღლესი სასწავლებლებისა და სტუდენტების შესახებ ინფორმაცია 2000-2001 სასწავლო წლიდან აქვს გამოქვეყნებული. 2000 წელს საქართველოში 171 უმაღლესი სასწავლებელი იყო, სადაც 110 287 სტუდენტი სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებლების რაოდენობა 75-მდე შემცირდა, მათში 30%-ით მეტი სტუდენტი სწავლობს, ვიდრე 17 წლის წინ. 2004 წლამდე უნივერსიტეტების რაოდენობა მატულობდა და 2004-2005 სასწავლო წლისთვის უკვე 198 სასწავლებელი იყო, სადაც 145 452 სტუდენტი სწავლობდა.
2005 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია-აკრედიტაციის მოთხოვნები გამკაცრდა და აქედან გამომდინარე, სასწავლებლების რიცხვმა შემცირება დაიწყო. კლების ტენდენცია 2011 წლამდე გაგრძელდა და მინიმუმს – 52 უმაღლეს სასწავლებელს მიაღწია, სადაც 95 110 სტუდენტი სწავლობდა. 2011 წელს უნივერსიტეტების რაოდენობის მკვეთრად კლების მიზეზი ავტორიზაცია- აკრედიტაციის მოთხოვნების კიდევ ერთხელ გამკაცრება იყო. 2012 წლიდან კი სასწავლებლებისა და სტუდენტების რაოდენობა იზრდება.
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამები უმაღლეს სასწავლებლებში
ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალია, სადაც ჯამში სტუდენტების 45% სწავლობს (64 379 სტუდენტი). შემდეგ მოდის მეცნიერება, სადაც დაახლოებით 20 000 სტუდენტი სწავლობს, ცოტათი ნაკლები სწავლობს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე. ყველაზე ცოტა, 2%, განათლების პროგრამებზე სწავლობს. ცალკე აღებულ კერძო უნივერსიტეტებში სოციალურ მეცნიერებებზე, ბიზნესსა და სამართალზე სტუდენტების 62% სწავლობს. შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო პროგრამებია. როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც ყველაზე ნაკლები მოთხოვნა განათლების პროგრამებზეა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამების შემდეგ ყველაზე მეტი სტუდენტი მეცნიერებების შემსწავლელ პროგრამებს ირჩევს.
უცხოელი სტუდენტები ქართულ უნივერსიტეტებში
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რიცხვი სწრაფად იზრდება. ამის მიზეზი საქართველოში უმაღლესი განათლების სიიაფე და ლიბერალური სავიზო რეჟიმია. 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოში უმაღლეს განათლებას 10 074 უცხოელი სტუდენტი იღებდა, რაც 2 062 სტუდენტით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე. 10 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 621 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, გასულ წელს კი 16-ჯერ მეტი. მათი რაოდენობა 2014 წელთან შედარებითაც კი გაორმაგებულია. უცხოელი სტუდენტების 69% ბიჭია.
უცხოელი სტუდენტების 64% კერძო სასწავლებლებში სწავლობს და მათი რაოდენობა ბოლო წლებში კერძოში გაცილებით სწრაფად იზრდება (საშუალოდ 44%-ით), ვიდრე სახელმწიფო სასწავლებლებში (საშუალოდ 12%-ით).
უმაღლესი განათლების დაფინანსება და ფასები
უმაღლესი განათლება ორი წყაროდან ფინანსდება: სახელმწიფო ბიუჯეტიდან და უშუალოდ სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის გადასახადიდან. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნივერსიტეტებს 4 სახის დაფინანსება აქვთ: სასწავლო გრანტი (იღებს სტუდენტი, მიუხედავად იმისა, სახელმწიფო სასწავლებელში ჩააბარებს, თუ კერძოში), სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება (იღებენ სოციალურად დაუცველები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებელში),
უფასო ფაკულტეტები (მხოლოდ სახელმწიფო სასწავლებლები) და პროგრამული დაფინანსება (მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტები).
2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უმაღლესი განათლება 148.5 მილიონი ლარით დაფინანსდა. აქედან 11.8 მილიონი გამოცდების ორგანიზებაზე დაიხარჯა, სასწავლო გრანტებზე – 113.6 მილიონი (აქ შედის სოციალური დაფინანსება და უფასო ფაკულტეტებიც), საზღვარგარეთ განათლების ხელშეწყობაში – 6.9 მილიონი, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე (პროგრამული დაფინანსება) 16 მილიონი დაიხარჯა. უფასო ფაკულტეტების სიას ადგილების რაოდენობის მიხედვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს. ფინანსდება აგრარული მეცნიერებები, განათლება, ინჟინერია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები და მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები. ეს ნიშნავს, რომ თუკი სტუდენტი უმაღლეს სასწავლებელში ეროვნული გამოცდის ნებისმიერი ქულით მოხვდება, ჩაირიცხება სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტზე, რომელიც უფასოთა სიაშია და ბიუჯეტიდან 100%-იან გრანტს (2250 ლარს) მიიღებს. თუმცა, ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, 2019 წლიდან უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტები აღარ იქნება, რადგან ამ მიდგომამ არ გაამართლა და თანხას სხვა სქემით დაუმატებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს.
კერძო უნივერსიტეტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ სტუდენტისთვის გამიზნული სასწავლო გრანტი შესდით, რაც მაქსიმუმ 2 250 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო უნივერსიტეტებს არა აქვთ უფლება, სწავლის წლიური საფასური 2 250 ლარზე მეტი დააწესონ, კერძო უნივერსიტეტებს კი ფასის დადებას კანონი არ უზღუდავთ, მხოლოდ კონკურენციასა და სტუდენტების გადახდისუნარიანობაზე არიან დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები სხვა გზებითაც იღებენ ბიუჯეტიდან ფულს, მათ ერთ სტუდენტისთვის განათლების მიცემაზე დასახარჯი თანხა გაცილებით ნაკლები აქვთ, ვიდრე ზოგ კერძო უნივერსიტეტს, რომლებიც სწორედ ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე უკეთეს სწავლის პირობებსა და განათლებას სთავაზობენ სტუდენტებს.
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ქართულენოვან პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური 1500 ლარიდან 8000 ლარამდე მერყეობს. ინგლისურენოვან პროგრამებზე კი ფასი 19 000 ლარსაც აღწევს. რამდენიმე უნივერსიტეტს აქვს ინგლისურენოვანი სამედიცინო განათლების პროგრამები, სადაც სწავლის გადასახადი გაცილებით მაღალია, ვიდრე ქართულენოვანზე. ეს პროგრამები უცხოელ სტუდენტებზეა გათვლილი, რადგან ისინი ძირითადად მედიცინის შესწავლით არიან დაინტერესებული. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საშუალო სკოლებთან შედარებით განათლების ხარისხის მხრივ უკეთესი სიტუაციაა. ამას რამდენიმე გარემოება განაპირობებს: საშუალოდ ერთ სტუდენტზე მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე ერთ სკოლის მოსწავლეზე, უნივერსიტეტში სწავლის მოტივაციის საშუალო დონე უფრო მაღალია, ვიდრე სკოლებში და უნივერსიტეტებს შორის კონკურენცია უფრო მაღალია, ვიდრე სკოლებს შორის. სკოლის არჩევანს ძირითადად საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრავს.
უკვე დიდი ხანია, საქართველოში უმაღლესი განათლება არ გაძვირებულა. საშუალო ფასი ახლა უფრო დაბალია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი იზრდება და სხვა ყველაფერი მეტ-ნაკლებად ძვირდება, ფულის მსყიდველობითი უნარი მცირდება. ასეთ პირობებში რთულია, უნივერსიტეტებმა ხარისხი შეინარჩუნონ. სახელმწიფო პოლიტიკა კი სწავლის საფასურის სიიაფეზეა ორიენტირებული და არა სწავლის ხარისხზე. სწორედ სწავლის რეალური საფასურის გაიაფებაა ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. პოლიტიკურად რთულია სახელმწიფო უნივერსიტეტების წლიური სწავლის საფასურის ჭერი – 2 250 ლარი გაიზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი 2 250 ლარი გაცილებით ცოტაა, ვიდრე 10 წლის წინ იყო. მოსახლეობის დიდ ნაწილს ზოგადად დიპლომის აღება უფრო უნდა, ვიდრე რეალური განათლების მიღება. ამ სიყალბეს თავისი დიდი მიზეზები აქვს, რაც ცალკე სტატიებისა და კვლევების თემაა.
დატოვე კომენტარი