ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) დაარსების შესახებ, რომელსაც ექს-პრემიერი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის მიზანი ამ ორ სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების ინიციატივის ადვოკატირება და ჩვენს ქვეყანაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნის ხელშეწყობაა. აღსანიშნავია, რომ AGECF-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი საინვესტიციო ფირმა Converge-ის დამფუძნებელი მეთ კენედია. ის საკუთარი კომპანიის საქმიანობის შესახებ, საქართველოსთან მიმართებით არსებულ გეგმებზე, ასევე ახლახან შექმნილი ფონდის დანიშნულებასა და მიზნებზე დეტალურად გვესაუბრა.
მეთ, მოგვიყევით, რას საქმიანობს თქვენი კომპანია Converge-ი?
მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფედერალურ მთავრობაში დავასრულე საქმიანობა, კომპანია Converge-ი დავაფუძნე. ეს არის საინვესტიციო პროექტების განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ინფრასტრუქტურისა და სხვა კაპიტალტევადი ბიზნესებით არის დაინტერესებული. ჩვენ ვოპერირებთ როგორც აშშ-ში, ასევე გლობალურადაც. კავკასიის რეგიონითაც ვართ დაინტერესებულნი. გვსურს, აქაური შესაძლებლობები შევისწავლოთ.
გვიამბეთ თქვენი საინვესტიციო პროექტების შესახებ. როგორ შეაფასებდით მათ?
ჩვენ გვაქვს ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეს არის წყლის სისტემის, ასევე ჩამდინარე წყლების მართვის, საცხოვრებელი უძრავი ქონებისა და განახლებადი ენერგიების პროექტები. ვფიქრობთ, მომავალში ინვესტიციები განვახორციელოთ იმ სფეროებში, რომლებიც ცირკულარულ ეკონომიკაზე ტრანზიციით ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ. ეს არის განახლებადი საწვავისა და სხვა მიმართულებები, რომლებსაც მომდევნო 5-10-წლიან პერიოდში განვითარების პერსპექტივა აქვთ.
Converge-ი სხვა ფონდებისგან განსხვავებით აქტივების გრძელვადიანი ფლობით არის დაინტერესებული, შესაბამისად, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და არ ვუფრთხით პროექტებს, რომელთა შესრულება ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს.
მეთ, ჩაგეკითხებით. აღნიშნულ მიმართულებებში ინვესტიციების განხორციელებისას საქართველოსაც მოიაზრებთ?
დიახ, ასეა. ჯერჯერობით კონკრეტული პროექტი არ გვაქვს, თუმცა ამის სურვილი ნამდვილად არსებობს.
როგორ მიდის აღდგენის პროცესი გარემოში, რომელიც კვლავ პანდემიურია? ამ მიმართულებით ბაიდენის გუნდი საკმაოდ აქტიურობდა. როგორ შეაფასებდით არსებულ საინვესტიციო ვითარებასა და კლიმატს აშშ-ში?
აშშ-ში ძლიერ ზრდას ვხედავთ და მყარ საინვესტიციო გარემოს, რასაც უფრო მეტად სტაბილურს გახდის გეგმა, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის მიერ იქნა დასახული. ვფიქრობ, ეს ეკონომიკური შესაძლებლობები სამომავლოდ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო განამტკიცებს. პანდემიის წინააღმდეგ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა არსებული აქტივებისა და ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებასთან ერთად მომავლის ინდუსტრიებში ინვესტიციებსაც მოიცავს.
როგორ გავლენას ახდენს არსებული პანდემიური დაძაბულობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე და ქვეყნის ძირითადი პარტნიორების მხარდაჭერაზე?
პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პანდემია გლობალური პრობლემაა და მანამდე, ვიდრე მთელი მსოფლიო არ იქნება ვაქცინირებული, გარკვეული რისკები როგორც აშშ-ის ეკონომიკას, ასევე ქვეყნის მოქალაქეებსაც დაემუქრება. ვფიქრობ, სწორედ აქედან გამომდინარე დაიკავა ჩვენმა სახელმწიფომ ლიდერის პოზიცია ვაქცინაციის დიპლომატიაში და გაეროს COVAX-პროგრამის მხარდაჭერაში.
აშშ-ს სურს, ამ პრობლემის გადაჭრის პროცესში მსოფლიოსთვის ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს.
მეთ, მოდი, საქართველოს დავუბრუნდეთ. რამდენად კარგად იცნობთ ჩვენს ქვეყანას და სამხრეთ კავკასიის რეგიონს? როგორ გაიცანით საქართველო?
ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი სამხრეთ კავკასიის რეგიონით და აქაური შესაძლებლობებით. მე საქართველოში მყავს მეგობრები და, შესაბამისად, თქვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა.
მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა პირველად მომეცა. მე ბათუმში, სასუქების ახალი ტერმინალის გახსნას დავესწარი. ეს არის ამერიკული კომპანია Tramo-სა და ქართული კომპანია Wondernet-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც რეგიონში წარმოებული სასუქების თავმოყრასა და მათ საერთაშორისო ბაზრებზე გატანას უწყობს ხელს. მოცემული დროისთვის პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.
მაქვს მოლოდინი, რომ მომავალში სხვა პროექტებშიც ჩავერთვები.
რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს პერსპექტივებს? როგორ ხედავთ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს რეგიონის კონტექსტში? ასევე, ვინაიდან სამხრეთ კავკასიით დაინტერესების შესახებ გაგვიმხილეთ, რას იტყვით აღნიშნულ ტერიტორიაზე , შექმნილი ვითარების შესახებ, რაც შარშან მომხდარ ყარაბაღის ომსა და სხვა მოვლენებს უკავშირდება?
ჩემი მოსაზრებით, საქართველოს აქვს უნიკალური პოზიცია და მან, როგორც მეზობელმა, რომელიც აღნიშნულ საკითხებს კარგად იცნობს, მედიატორის როლი უნდა ითამაშოს ვითარების დასტაბილურების პროცესში. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველო რეგიონში კერძო ინვესტიციების ძირითადი დასაყრდენი უნდა გახდეს, ვინაიდან იქ ყველაზე სტაბილური ქვეყანაა. ამასთან, ის აშშ-ის მეგობარი და მოკავშირეა და კერძო სექტორს სთავაზობს იმ მყარ გარემოს, რომელიც მათ გრძელვადიანი ინვესტიციების პროცესში ესაჭიროებათ.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უფრო ახლოდან Tramo-ს და Wondernet-ის პროექტით გაიცანით, რომელი სფეროები და ინდუსტრიები მიგაჩნიათ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მიმზიდველად, პოტენციურად ამერიკული ინვესტიციებისთვის, როგორც რეგიონული ჰაბის შესაძლებლობის მქონე სახელმწიფოში?
ვფიქრობ, თქვენს ქვეყანაში არაერთი შესაძლებლობაა სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით. თუმცა, უახლოეს პერიოდზე თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს აქვს უპირატესობა, რაც შავ ზღვაზე გასასვლელში გამოიხატება. შესაბამისად, არაერთი შესაძლებლობაა ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, ასევე პოტენციალი ელექტროენერგიისა და მწვანე ენერგიის მიმართულებით. ეს არის პროექტები, რომლებიც დიდ ინვესტიციებს საჭიროებენ, ამიტომ მათი უკუგებაც ხანგრძლივ პერიოდთანაა დაკავშირებული. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველომ უნდა იპოვოს გზა, რომ კერძო სექტორმა მსგავსი პროექტების განხორციელება შეძლოს. მაგალითად, საუბარია სხვადასხვა დაფინანსების მექანიზმის გამოყენებაზე, რომელსაც მათ შორის აშშ და ევროკავშირი მიმართავენ.
DFC-ის ოფისი საქართველოში, რამდენად რეალისტურია ეს გეგმა, თქვენი შეფასებით?
ვფიქრობ, ეს რეალისტური გეგმაა. კერძო სექტორს მხარდაჭერა და ისეთი ინსტიტუტის გვერდით დგომა სჭირდება, როგორიც DFC-ია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანაა, ის საკმაოდ კარგი ადგილია რეგიონული ოფისის განსათავსებლად. შესაბამისად, ეს იდეა საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენება.
მეთ, თქვენ AGACAF-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ხართ. ვის მიერ და რა მიზნით შეიქმნა ეს ორგანიზაცია? შეუძლია ამ ფონდს ეფექტიანი როლი შეასრულოს “საქართველოსა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების” გაფორმების მხარდაჭერაში და ჩვენს ქვეყანაში DFC-ის რეგიონული ოფისის შექმნაში? მისი გაცხადებული მიზანი სწორედ ეს არის.
ეს ორგანიზაცია რამდენიმე პირმა დააფუძნა იმ მიზნით, რომ მან ფასილიტაცია გაუწიოს საქართველოსა და აშშ-ის კერძო სექტორებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. ვფიქრობ, ეს შესაძლებელს გახდის თქვენი ქვეყნის უფრო წარმატებულ ინტეგრაციას რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაში. ის გააუმჯობესებს საქართველოში დასაქმებულთა შრომით უფლებებს და გაზრდის ESG მმართველობით სტანდარტებს ეკონომიკაში. ასევე ხელს შეუწყობს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ამასთანავე ადამიანური კაპიტალის განვითარებას დააჩქარებს. ეს მიზნები, თავის მხრივ, თქვენს ქვეყანაში უფრო ძლიერი საშუალო ფენის შექმნას უზრუნველყოფს. თუმცა ამავდროულად ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და დემოკრატიული კონსოლიდაცია, რაც განვითარებას შეუწყობს ხელს.
შესაბამისად, ჩემთვის პირდაპირ ამოცანებთან ერთად არის ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო ფართო კონტექსტიც და მიზნები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და ქართველ ხალხს გრძელვადიან სარგებელს მოუტანს.
რას გვეტყვით იმ პოტენციალის შესახებ, რაც საქართველოსა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას შეუძლია, რომ მოიტანოს?
ეს რეალური შესაძლებლობაა. როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად რეგიონში რთული ვითარებაა. ჩემი აზრით, FTA-ის გაფორმება საქართველოსა და რეგიონისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. არცერთი რთული შედეგი მცდელობების გარეშე არ მოიპოვება და მე დიდი მიზნების მიღწევის შესაძლებლობის მყარად მწამს.
ვფიქრობ, უმჯობესია, სცადო და ვერ შეძლო, ვიდრე არ სცადო. ჩემი აზრით, სწორედ ესაა ის პოზიცია, რომელსაც ბატონი მამუკა ბახტაძეც იზიარებს და ყველამ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონშიც ამ ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს. ეს სარგებელს მოუტანს თქვენს ქვეყანასა და მთელ რეგიონს.
დაბოლოს, ისეთი კითხვა მაქვს, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენს ბიზნესსაზოგადოებასაც საკმაოდ დააინტერესებს. ეს შეეხება თქვენს გვარს – კენედი. თქვენ ცნობილ ოჯახს წარმოადგენთ. შეგიძლიათ, მოგვიყვეთ თქვენი ოჯახისა და გვარის შესახებ?
მე ვამაყობ იმით, რასაც ბაბუაჩემმა, მამაჩემმა, დიდმა ბიძამ და ოჯახის სხვა არაერთმა წევრმა მიაღწია. ბაბუაჩემი რობერტ კენედია, რომელიც აშშ-ის გენერალური პროკურორი იყო. მამაჩემი და ჩემი ტყუპისცალი ძმა კონგრესში მსახურობდნენ, ისევე როგორც ოჯახის სხვა არაერთი წევრი, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობდნენ. ეს ყოველივე მეხმარება ვიფიქრო იმაზე, კერძო სექტორში ყოფნის მიუხედავად რისი გაუმჯობესება შემიძლია, ასევე როგორ შეუძლიათ კორპორაციებს ახალი და პოზიტიური ცვლილებების მოტანა. როდესაც ვსაუბრობთ და განვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორობის შესაძლებლობებს, მათ ვუყურებ იმ ღირებულებების ფონზე, თუ რა დადებითი გავლენა შეუძლიათ მოახდინონ საკუთარ თემზე, გარემოსა და თანამშრომლებზე.
დატოვე კომენტარი