გუშინ, 10 ოქტომბერს, ქალაქ დუბაიში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) ოფიციალურად გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მოაწერა, არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან კი საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა.
„შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10-მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალ მსყიდველობითუნარიანი ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.
შეთანხმების ამოქმედების შემდგომ მყისიერად მოიხსნება საიმპორტო ტარიფი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ.“, – ვკითხულობთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 72%-ით გაიზარდა და 276.83 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტი 80%-ით არის გაზრდილი.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2021 წელთან შედარებით, 92%-ით გაიზარდა და 314.20 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ექსპორტი 51%-ით გაიზარდა და 31.12 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, იმპორტი კი 98%-ით გაიზარდა და 283.08 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.