საქართველოში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო-სამეურნეო სფეროს დასაქმებულებში 36.2%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. არაფორმალურად დასაქმების მაჩვენებელი სოფლად უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქად. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მოანცემებით, სოფლად არაფორმალურად დასაქმებულთა წილი 40%-ს შეადგენს, ხოლო ქალაქად კი 34.6%-ს. წლიურად სოფლად მაჩვენებელი 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქად კი 1.4%-ით.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის სამსახურის დაანგარიშებაში არ შედის სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოსახლეობა, რაც კიდევ უფრო მეტად შეცვლიდა ქვეყანაში არაფორმალური დასაქმების მაჩვენებელს.
საქართველოში არაფორმალურად დასაქმებული კაცების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ქალების. კერძოდ, 2018 წლის მონაცემებით, კაცებში არაფორმალური დასაქმების მაჩვენებელი 41.5%-ს შეადგენს, ხოლო ქალებში კი 29%-ს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, მსოფლიოში 2 მილიარდ ადამიანზე მეტი არაფორმალურადაა დასაქმებული და მათი უმეტესობა განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ILO-ს კვლევის მიხედვით, დასაქმებული მოსახლეობის 61% სწორედ არაფორმალურ დასაქმებაშია ჩართული და არც ამ მაჩვენებელში შედის სოფლის მეურნეობის სფერო. აფრიკაში არაფორმალური დასაქმების მაჩვენებელი 85%-ია, აზიაში 68%, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი 25.1%.
2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა.
დატოვე კომენტარი