ელექტროენერგეტიკული ბირჟის მსგავსი სისტემა საქართველოში ბუნებრივი აირის ბაზრისთვისაც ჩამოყალიბდება. კონცეფცია, რომელიც ბირჟის ამოქმედებას ითვალისწინებს, მთავრობამ სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცა. მისი მიზანი ისეთი თავისუფალი ბაზრის შექმნაა, სადაც კონკურენტული ფასი გამჭვირვალედ ყალიბდება. გაზის სექტორში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ Forbes Georgia სემეკის წევრს, გოჩა შონიას ესაუბრა.
ბატონო გოჩა, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის ახალი კონცეფცია, რომლის მიზანიც ბირჟის შექმნა და ბაზრის ლიბერალიზაციაა, საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებას უკავშირდება. რა ვადებზეა გათვლა?
ბუნებრივი გაზის კონცეფციაში არ არის ჩამოყალიბებული ბირჟის შექმნის ცალსახად გაწერილი ვადები, როგორც ეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელშია. გაზის კონცეფციაში წერია, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ კონცეფციის დამტკიცებიდან არაუგვიანეს ექვსი კვირის ვადაში უნდა ჩამოაყალიბოს საწარმო, რომელიც ბუნებრივი გაზის ბირჟის შექმნას უზრუნველყოფს. ბირჟა კი გაზის გადამცემი ქსელის წესებით, ბაზრის მონაწილეებისათვის დღიური დაბალანსების ვალდებულების ძალაში შესვლის მომენტისათვის უნდა ამოქმედდეს. დაბალანსების საკითხი კომისიამ ნორმატიული აქტით დაარეგულირა, რომლის ბოლო ვადა მომავალი წლის დეკემბერია, სწორედ ამ პერიოდამდე უნდა ამოქმედდეს დღით ადრე ბაზრის პლატფორმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბაზრის სუბიექტების მიერ ყიდვა-გაყიდვის პროცესი დღით ადრე ბაზარზე განხორციელდება. თუმცა ბუნებრივი გაზის ბაზრის გახსნა არ გულისხმობს მხოლოდ ბირჟის ჩამოყალიბებას, უნდა გადაიდგას სხვა ნაბიჯებიც. მაგალითად, ე.წ. საქმიანობების გაყოფა და გადამცემი სისტემის ოპერატორის დაფუძნება, მისი სერტიფიცირება და შემდეგ ლიცენზირება.
გარდა ამისა, საცალო ბაზარზე განაწილებისა და მიწოდების საქმიანობების სავალდებულოდ სამართლებრივი განცალკევებაც უნდა მოხდეს. ეს ძირითადად ეხება იმ კომპანიებს, რომელთაც 100 000-ზე მეტი აბონენტი ჰყავთ. ამის შემდეგ ამ კომპანიების ლიცენზირება უნდა მოხდეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თითქმის იგივე გზა უნდა გავიაროთ, რაც ელექტროენერგეტიკული ბირჟის ჩამოყალიბების პროცესში გავიარეთ.
თუმცა, არის გარკვეული განსხვავებები…
დიახ, გაზის ბაზარი გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. მაგალითად, ის, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში ქვეყანას აქვს გენერაციის მძლავრი მიმართულება, სადაც ხდება ელექტროენერგიის წარმოება. ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კი 99%-ზე მეტით დამოკიდებული ვართ იმპორტზე და წარმოების წილი ძალიან მცირეა.
ვიცით, რომ ენერგეტიკული ბირჟის სრული ამოქმედება დათქმულ ვადებში ვერ მოხერხდა. რა გამოცდილება შეიძინეთ ამ კუთხით და რა გარანტია გვაქვს, რომ იგივე პრობლემები არ განმეორდება გაზის შემთხვევაში?
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების ვადების გადატანას თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი ჰქონდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა, რომლის მსგავსი ენერგეტიკულ სექტორს არ ახსოვს. ასეთი რეფორმის გზაზე კი ბევრი დაბრკოლება ჩნდება, რომელთა გადაწყვეტის ერთიანი რეცეპტი არ არსებობს. საქართველოში მსგავსი რეფორმების გატარების გამოცდილებაც არ არის. ვერცერთი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და დარგის მესვეური გადაწყვეტილებას ბირჟის ამოქმედების შესახებ მანამ ვერ მიიღებენ, სანამ არ გვექნება სრული გარანტია, რომ ენერგეტიკული ბაზარი გამართულად იმუშავებს. ამის იმედს კი რეფორმატორების ის გუნდი გვაძლევს, რომელიც 24 საათის განმავლობაში გამოცდილ უცხოელ კონსულტანტებთან ერთად მუშაობს.
ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ რეფორმას რატომღაც ხშირად უკავშირებენ მხოლოდ ბირჟის ამოქმედებას, მაშინ როცა ბირჟა, რომელიც არის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორი, მნიშვნელოვანი, თუმცა მხოლოდ ერთი რგოლია იმ ჯაჭვში, რასაც ენერგეტიკული ბაზარი ჰქვია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საბალანსო ბაზრის ოპერატორს, რომელიც მართავს საბალანსო ბაზარს და რომლის ოპერატორიც გახლავთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. აბსოლუტურად ახალი სუბიექტია საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქციაა განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლების მხარდაჭერა და მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მხარდაჭერა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მომხმარებლების მიწოდების უსაფრთხოება, ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვით. შესაბამისად, ყველა ამ რგოლის სინქრონული მუშაობის გარეშე რთული იქნება ბაზრის სრულფასოვან ამოქმედებაზე საუბარი, ამიტომ ჩემთვის, როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრისთვის, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა იყოს პირველ რიგში წარმატებული, თუმცა ვადებსაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს.
ელექტროენერგიისგან განსხვავებით, ბუნებრივი გაზის ბაზარზე საკმაოდ ბევრი მიმწოდებელია საქართველოში. რას ელით ბირჟის ამოქმედების შედეგად? კიდევ უფრო გაიზრდება მათი რაოდენობა? ვისი გამოჩენაა მოსალოდნელი ბაზარზე?
ბუნებრივი გაზის ბაზარზე დღეს 30-მდე მიმწოდებელია, მათგან 23 საცალო ბაზარზე ოპერირებს, ერთი – საბითუმოზე, ხოლო ათი – როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე. ბირჟა არ განსაზღვრავს, ბაზარზე რამდენი მიმწოდებელი შემოვა ან გავა. მათი რაოდენობის ზრდა თუ შემცირება იმ რეგულაციებზეა დამოკიდებული, რომლებიც ახალი ბაზრის მოდელის დანერგვის შემდეგ იქნება. ბაზრის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ჯანსაღი კონკურენციისა და მიმზიდველი გარემოს შექმნაა.
მე ვფიქრობ, რომ მიმწოდებლების რაოდენობა შემცირდება, ვინაიდან ახალი კანონმდებლობა ამ ტიპის სუბიექტების მიმართ გარკვეულ მოთხოვნებს ითვალისწინებს. ამიტომაც მცირე მიმწოდებლებს მსხვილ მიმწოდებლებთან კონკურენციაში შესვლა მათი მწირი ფინანსური მდგომარეობისა და შედარებით დაბალი კვალიფიკაციის გამო გაუჭირდებათ.
რა ახალ მოთხოვნებზეა საუბარი, რაც გაფიქრებინებთ, რომ მიმწოდებლების რაოდენობის შემცირება დაიწყება?
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, მხოლოდ კომისიაში შეტყობინების პროცესი გაიარონ. სამომავლოდ კი გამორიცხული არაა, რომ ახალი მოთხოვნები ჩამოყალიბდეს, მათ შორის, ალბათ, ფინანსური გარანტიები… უნდა ვიცოდეთ, რომ მათ აქვთ ფინანსური რესურსი იმისა, რომ ბაზარზე ოპერირება შეუფერხებლად შეძლონ. ასევე მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ საქმიანობის განხორციელების შესაბამისი კვალიფიკაცია და ა.შ.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, რომელიც 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, რამდენიმე თვის წინ აფბა-ში განაცხადეს, რომ იანვრის თვეში ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია, ვინაიდან ის უკუშედეგს მოიტანს. ისინი ამის ერთ-ერთ მიზეზად ზამთრის პერიოდში არსებულ ენერგოდეფიციტს ასახელებენ, რის გამოც ბირჟაზე მხოლოდ იმპორტიორები იქნებიან წარმოდგენილნი და შესაძლოა საფრთხე შეექმნას ფასების სტაბილურობას. რა კონტრარგუმენტი აქვს სემეკს?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმა კონკურენციის გაზრდას ისახავს მიზნად. მაღალმა კონკურენციამ ბაზარზე გამჭვირვალე ფასწარმოქმნა უნდა უზრუნველყოს. ამასთან ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, გარკვეულ საწარმოთა ჯგუფს, როგორიც არის საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე ელექტროსადგურები, ვალდებულება აქვთ, ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბირჟაზე ივაჭრონ. ამასთან, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ მოხდება PPA სადგურების ელექტრონერგიით ვაჭრობა – ასევე ორგანიზებულ ბაზრებზე. აქედან გამომდინარე, ბირჟაზე წარმოდგენილები მიწოდების მხარეს როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ასევე იმპორტიორებიც იქნებიან. ბირჟაზე ვაჭრობა განხორციელდება საათობრივად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ იმპორტი საათობრივ ჭრილში ბირჟაზე მნიშვნელოვანი წილით წარმოდგენილი არ იქნება. შესაბამისად, საათობრივ ჭრილში იმპორტი ბირჟაზე ფასების სტაბილურობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
საქართველოს ენერგეტიკამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, უცხოური ინვესტიციების სახით, 106.8 მილიონი დოლარი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 33%-ით ჩამოუვარდება. ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ბაზრის ნაკლები განჭვრეტადობაა. როგორი იქნება თქვენი პასუხი?
არ მგონია, რომ ბაზრის ფაქტორი იყოს შემაფერხებელი. ვფიქრობ, ეს კლება პანდემიიდან გამომდინარეობს. ვიცით, რომ პანდემიის პერიოდში არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ ეკონომიკის ყველა დარგში იყო ვარდნა. ამ პერიოდის სხვასთან შედარება არ იქნება სწორი. 2020 წელი და მიმდინარე წლის პირველი ნახევარი ყოველგვარი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. შესაძლოა გავლენა ასევე გარანტირებული ხელშეკრულების მექანიზმის PPA-ს შეჩერებამაც მოახდინა. მოგეხსენებათ, ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სწორედ გენერაციის სექტორში ხორციელდებოდა, სადაც ეს მექანიზმი იყო გამოყენებული და ამ ტიპის ხელშეკრულებები იყო ინვესტორებისთვის მიმზიდველი.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსის მიხედვით, წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება და 2.73 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ვიცით, გაზის ადგილობრივი წარმოების წილი მხოლოდ 0.4%-ს შეადგენს, იმპორტი კი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ხორციელდება. რა გამოწვევებს ხედავთ გაზის ბაზარზე? როგორია მათთან გამკლავების თქვენეული ხედვა?
დიახ, ბუნებრივი გაზის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც მოხმარება 0.8%-ით შემცირდა. საქართველო ბუნებრივი აირის მოწოდების მხრივ სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული, რაც სერიოზული გამოწვევაა. ქვეყნის ბუნებრივი აირით სტაბილური და უსაფრთხო მომარაგებისთვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საკუთარი სიმძლავრეების განვითარება და მძლავრი ე.წ. სარეზერვო სისტემების შექმნა, ვგულისხმობ გაზსაცავს, რომლის მშენებლობა პანდემიის გამო დროებით დაპაუზდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის პერიოდში, როდესაც გაზის მოხმარება იზრდება, ინფრასტრუქტურამ გამართულად იმუშაოს. ამას კი მნიშვნელოვანი ინვესტიციები სჭირდება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რეგიონში მცხოვრები ერთი აბონენტი საშუალოდ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს, ვიდრე თბილისში მყოფი აბონენტი. ეს იმით არის განპირობებული, რომ რეგიონებში გათბობისთვის ძირითადად ისევ შეშა გამოიყენება, ხოლო გაზი – მინიმალურად. ეს კი გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე. არის სხვა გამოწვევებიც, მაგრამ იმედი მაქვს, რომ როდესაც ბაზრის ახალი მოდელი დაინერგება, პარალელურად ამ გამოწვევებთან გამკლავებაც შესაძლებელი იქნება.
დაბოლოს, მაისში თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის ღირებულება თითქმის 8 თეთრით გაიზარდა და 54 თეთრი გახდა. სემეკმა ტარიფს „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნის საფუძველზე გადახედა. მაშინ კომპანიამ განაცხადა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, გაზის შესყიდვის საფასური გაეზარდათ და ამ მიზეზით ტარიფის გადახედვას ითხოვდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, ლარი ასე თუ ისე სტაბილურია, მოსალოდნელია თუ არა ცვლილება მომხმარებლების სასარგებლოდ?
დღევანდელ ტარიფში ლარის კურსი 3.30 ნიშნულზეა ასახული. ბოლო დროს ლარის კურსის დოლართან მიმართებით შემცირების ტრენდს ვაკვირდებით, თუ მნიშვნელოვანი შემცირება იქნება, კომისია განიხილავს და გადაწყვეტს, ახლა გადახედოს ტარიფს თუ რეგულირების პერიოდის ბოლოს. თუმცა ვშიშობთ, რომ ზამთარში ლარის კურსი კვლავ გაუარესდება, ამიტომაც ტარიფი რომ ახლა შევამციროთ, შემდეგ ისევ მოგვიწევს მისი გაზრდა. მომხმარებელს გარკვეული რეზერვები ტარიფში აქვს და ის არ დაიკარგება. როდესაც ახალი რეგულირების პერიოდი დაიწყება, კომისია ყველა ამ რეზერვს მომხმარებლის სასარგებლოდ გაითვალისწინებს.
დატოვე კომენტარი