საქართველოში მალე ელექტრონული კომერციის აკადემია ამოქმედდება. ინიციატორი – ელექტრონული კომერციის ასოციაცია, ხოლო მხარდამჭერი თიბისი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაა. აკადემიის მიზანი ელკომერციის მიმართულებით საჭირო კადრების გაზრდაა, რომლებიც შემდეგ მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესს ელექტრონული კომერციის განვითარებაში დაეხმარებიან.
„ელკომერციის განვითარება განსაკუთრებით დიდი გამოწვევა მცირე ზომის კომპანიებისთვისაა. კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სასწავლო პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემდა“, – ამბობს Forbes Georgia-სთან საუბრისას ელექტრონული კომერციის ასოციაციის დამფუძნებელი, ამირან შეროზია, რომელიც აკადემიაში ლექციებსაც წაიკითხავს.
„ამ აკადემიის კურსდამთავრებულები მცირე და საშუალო ბიზნესებს ელკომერციის მიმართულების განვითარებაში დაეხმარებიან“, – გვეუბნება თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ასოცირებული პარტნიორი, ანა თოთიბაძე.
არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ელკომერციის ბაზარი მსოფლიოში ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია. ზრდის ტემპი მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება და, სხვადასხვა პროგნოზით, 2028 წლისთვის ამ ბაზრის ზომა გლობალურად 25.65 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. განვითარებული სამყაროსგან განსხვავებით, ელექტრონული კომერციის ზრდა საქართველოში ბევრ გამოწვევას უკავშირდება. სწორედ მათ შორის სახელდება შესაბამისი კვალიფიციური კადრების დეფიციტიც, რაც კოვიდპანდემიის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა, როდესაც ქვეყანაში გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი პროდუქტისა და სერვისის გაყიდვა არა მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, არამედ ონლაინაც გადაწყვიტეს.
„პანდემიის დროს ვნახეთ, რომ კომპანიებს არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ელკომერციის განვითარების სტრატეგია. ვინაიდან საქართველოში არცერთ სასწავლო დაწესებულებას ამ მიმართულებით სრულყოფილი პროგრამები არა აქვს, აკადემიის შექმნის ინიციატივას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ“, – განაცხადა პაატა სირბილაძემ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციისა და ICT-მიმართულების ხელმძღვანელმა.
აკადემია 4-თვიან ინტენსიურ პროფესიული მომზადების პროგრამას დამწყები ელექტრონული კომერციის მენეჯერებისათვის ითვალისწინებს. პროგრამა მოიცავს 14-კვირიან სასწავლო ციკლს, რომელიც წელიწადში ორჯერ განხორციელდება. თითო სასწავლო ციკლის ფარგლებში 25 სტუდენტი, მათ შორის, ხუთი სტუდენტი – ახალგაზრდები, სპეციალური საჭიროების მქონე პირები, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, თეორიული და პრაქტიკული მენტორობის პროგრამის ფარგლებში გაეცნობიან და დაეუფლებიან ელექტრონული კომერციის ფუნდამენტურ ასპექტებს, თეორიულ მოდელებს, მართვის მექანიზმებს და გზებს და, ზოგადად, ციფრული ეკოსისტემის შესახებ ცოდნას მიიღებენ.
„აკადემიაში განსაკუთრებული აქცენტი პრაქტიკულ ნაწილზე გაკეთდება“, – განმარტავს ამირან შეროზია.
პირველი კურსი 2022 წლის მარტში გაიხსნება. შესაბამისად, მარტი-ივნისის პერიოდში განხორციელდება აკადემიის სასწავლო პროგრამის პილოტირება და მოხდება მისი ადაპტირება მიღებული უკუკავშირის შესაბამისად. სწორედ პირველი კურსის შემდეგ უფრო ნათელი გახდება მისი შედეგიანობა. პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც მიიღებენ ელექტრონული კომერციის ასოციაციის სტრატეგიული მენეჯერის კვალიფიკაციას, კომპანიის საჭიროებებზე დაყრდნობით შეძლებენ ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დიზაინის შექმნას, დაგეგმარებას, დანერგვასა და მართვას.
სასწავლო პროცესის წარმართვისთვის სივრცეს თიბისი გამოყოფს. გარდა ამისა, საქართველოს უმსხვილესი კომერციული ბანკი აკადემიას პოპულარიზაციასა და პოტენციურ მსურველებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ელკომერციის განვითარება მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ეს მათთვის დიდი მხარდაჭერა იქნება“, – ამბობენ თიბისიში.
ელექტრონული კომერციის ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აკადემია მომავლისთვის ბაზარს უფრო მეტად მოამზადებს. მით უფრო მაშინ, როდესაც, სხვადასხვა პროგნოზის მიხედვით, ეს სექტორი საქართველოშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„დღეისთვის ელკომერციის წილი საცალო ვაჭრობაში 1.1%-ია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში – 10%-ზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი შეუქცევადია. ტექნოლოგიები კიდევ უფრო იხვეწება და მათზე წვდომა იზრდება. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ელკომერცია მეტ ადგილს დაიკავებს საცალო ვაჭრობაში“, – აღნიშნა პაატა სირბილაძემ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელკომერციის აკადემიისათვის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამის შედგენა, პარტნიორი აკადემიური, კერძო და საჯარო ორგანიზაციების მოძიება, და, რაც მთავარია, ონლაინ სასწავლო პლატფორმის შექმნა. კურიკულუმის განვითარების პროცესში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აქტიურად იქნება ჩართული. „ჩვენი მხარდაჭერით აკადემიამ საინტერესო კონტაქტები უკვე დაამყარა, მაგალითად, ლათინური ამერიკის ელკომერციის ინსტიტუტთან, რომელსაც მსგავსი სერვისის მიწოდების დიდხნიანი გამოცდილება აქვს“, – დასძინა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციისა და ICT-მიმართულების ხელმძღვანელმა.
აკადემიის დამფუძნებლებმა უზრუნველყვეს ისიც, რომ ელექტრონული კომერციის სწავლებაზე ხელმისაწვდომობა ყოფილიყო ყველასთვის, ამიტომაც აკადემია წარმოდგენილი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ სასწავლო მოდულებით. ონლაინპლატფორმაზე კი განთავსდება ელკომერციის მიმართულებით საგანმანათლებლო მოდულები, როგორც ელკომერციის აკადემიის, ისე სხვა მესამე მხარეთა მიერ.
დატოვე კომენტარი