საქართველოში FedEx-ის ლიცენზირებულ წარმომადგენლობასა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC-ს) შორის ფინანსური შეთანხმება გაფორმდა. მისი მეშვეობით საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ლოგისტიკური ცენტრი აშენდება, რისი ანალოგიც ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს.
თანამედროვე სტანდარტების ლოგისტიკური ცენტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, 10 000 კვ/მ-ზე, 18 თვეში აშენდება. იგეგმება 150-მდე სამუშაო ადგილის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით, საქართველოში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია FedEx-ის ლიცენზიანტმა „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) 4 მილიონი დოლარის სესხი აიღო, რომელიც 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. მშენებლობაში „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებმა” ასევე საკუთარი საინვესტიციო კაპიტალის მობილიზებაც მოახდინა.
„საქართველოში ამ პროექტის ანალოგი არ არსებობს. ლოგისტიკური ცენტრი FedEx-ის გადაზიდვებს მოემსახურება, თუმცა მისი საკვანძო და მნიშვნელოვანი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ პროექტი საქართველოში მოქმედ მცირე თუ დიდ კომპანიებს ლოგისტიკური სერვისის გატანის შესაძლებლობას მისცემს. შესაბამისად, კომპანიებს საკუთარი საწყობების შეძენა და მართვა არ მოუწევთ, რაც მათ დიდი თანხების ეკონომიის საშუალებას მისცემს. კომპანიებთან თანამშრომლობით ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი პროდუქციის შენახვას, აღწერას, ქსელის ყოველდღიურ მომარაგებას. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში პირველად დავნერგავთ ამ კონცეფციას“, – აცხადებს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო მენთეშაშვილი.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი ლოგისტიკური ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას, რადგან ახალი საწყობის მომსახურება დაკავშირებული იქნება ელექტრონულ პლატფორმებთან და პროდუქციის მიწოდება მაღაზიების ძალისხმევის გარეშე, ლოგისტიკის ცენტრის მეშვეობით მოხდება.
“აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) დაფინანსების მიღებას წინ დიდი და რთული პროცესი უძღოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებმა“ ოთხიდან სამ კრიტერიუმში უმაღლესი შეფასება მიიღო, – ეს არის საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილი, ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილი – და კომპანიაში ქალების ლიდერობა.
ერთიან, მაღალი სტანდარტების ლოგისტიკურ ცენტრზე მოთხოვნა საქართველოში დიდია და პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია მის განვითარებაზე დაიწყებს ზრუნვას”, – ამბობენ კომპანიაში.
დატოვე კომენტარი