ბოლო 3 თვის განმავლობაში, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 65%-ს გამოუყენებია, 3 თვეზე მეტი ხის წინ 1.3%-ს, ხოლო არასდროს 34%-ს, – ასეთია სტატისტიკის სამსახურის კვლევის შედეგი, რომელიც 2018 წლის ივლისის პერიოდს მოიცავს. მოსახლეობის წილი, რომლებსაც ინტერნეტით ბოლო 3 თვის განმავლობაში უსარგებლიათ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.3%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ინტერნეტს კაცები უფრო ხშირად იყენებენ ვიდრე ქალები: კაცებში ბოლო 3 თვეში ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი 65.5%-ია, ხოლო ქალებში კი 62.6%. ქალაქში ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი 75.1%-ია, ხოლო სოფლებში კი 49.8%. სოფლებში ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი ბოლო ერთ წელში 4.7%-ით გაიზარდა. ამასთან საქართველოში შემცირებულია იმ მოსახლეობის წილიც ვინც ინტერნეტს საერთოდ არ იყენებს (-4%).
ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი ასაკობრივ ჭრილში შემდეგია: 15 წლის და უფროსი – 62,2%; 15-29 წლის – 93.6%; 30-59 – 71.9%; 60 წლის და უფროსი – 21.7%.
ამასთან, ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოსახლეობის 89.7% იყენებს, რაც წინა წელთან შედარებით, 3.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კვირაში ერთხელ მაინც ინტერნეტს მოსახლეობის 8.2% იყენებს, ხოლო უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ 2.1%.
საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 69.5%-ია. აღსანიშნავია, რომ წინა წლის კვლევასთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია (70.7% 2017 წელს). ინტერნეტით მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი თბილისშია უზრუნველყოფილი (85.5%), შემდეგ მოდის აჭარა (80.3%) და სამეგრელო ზემო სვანეთი (66%).
რაც შეეხება კომპიუტერით უზრუნველყოფილი მოსახლეობის წილს ის საქართველოში შინამეურნეობების 62.1%-ს შეადგენს, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით (64.2%). ქალაქებში კომპიუტერი შინამეურნეობების 78.3%-ს აქვს, ხოლო სოფლად 40.9%-ს. კომპიუტერს საქართველოში ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოსახლეობის 82.3% იყენებს.
დატოვე კომენტარი