საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 70% დედაქალაქზე მოდის

საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 70% დედაქალაქზე მოდის

საქართველოს ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემების თანახმად, ქართული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 70% თბილისზე მოდის. კერძოდ, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა — იმავე პერიოდისთვის თბილისში გაცემული სესხების მოცულობა 31.18 მლრდ ლარი იყო.

სესხების მოცულობა რეგიონების მიხედვით

  1. თბილისი – 31.18 მლრდ ლარი
  2. აჭარა – 4.01 მლრდ ლარი
  3. იმერეთი – 2.6 მლრდ ლარი
  4. კახეთი – 1.66 მლრდ ლარი
  5. ქვემო ქართლი – 1.54 მლრდ ლარი
  6. სამეგრელო – 1.39 მლრდ ლარი
  7. შიდა ქართლი – 1.1 მლრდ ლარი
  8. სამცხე-ჯავახეთი – 0.66 მლრდ ლარი
  9. გურია – 0.2 მლრდ ლარი
  10. მცხეთა-მთიანეთი – 0.11 მლრდ ლარი
  11. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.04 მლრდ ლარი
სესხებთან დაკავშირებული ძირითადი ტენდენციები 2023 წლის თებერვლისთვის

ეროვნული ბანკის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 9.46 მლნ ლარით (0.02%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.81%-ით გაიზარდა) და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 144.87 მლნ ლარით (0.59%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 154.32 მლნ ლარით (0.77%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.07%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.35 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.12%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.32 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.38%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.45%-ით მეტი).

2023 წლის თებერვლის განმავლობაში 0.18%-ით, ანუ 42.04 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 23.84 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.35 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.34 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.12 პროცენტული პუნქტით).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *