საქართველოში ნავთობის მოპოვება მცირდება

საქართველოში ნავთობის მოპოვება მცირდება

საქართველოში მოპოვებული ნავთობის მოცულობა საკმაოდ მცირეა, თანაც ის წლებია შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში მოპოვებულმა ნავთობმა ჯამში 31 994 ტონა შეადგინა, რაც 2016 წელს 6563 ტონით ჩამოუვარდება, 2015 წელს 8212 ტონით, ხოლო 2014 წელს კი 10 638 ტონით.  

2017 წელს მოპოვებული ნავთობიდან 17 500 ტონა კონტრაქტორებზე გადანაწილდა, ხოლო დანარჩენი წილი კი ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე.

გასულ წელს საქართველოში სასაქონლო ნავთობის მოპოვებამ 28254 ტონა შეადგინა, რაც 2016 წელს 9667 ტონით ჩამოუვარდება.  

რაც შეეხება ნავთობის გადამუშავებას, გასულ წელს საქართველოში 23425.53 ტონა ნავთობი გადამუშავდა. შპს “გლობუსი” და შპს “ზდ ნავთობის კომპანია” საქართველოში ლიცენზირებული ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ორივე საწარმოზე ლიცენზიები 2015 წელს გაიცა და განისაზღვრა 25 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი, 98%-ით დამოკიდებულია უცხოეთიდან შემოტანილ საწვავზე.  

ამასთან, საქართველოში ნავთობის მოპოვება ჩინურმა კონსორციუმმაც უნდა დაიწყოს. კერძოდ, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა ღია საერთაშორისო ტენდერი საქართველოს V, VIA, VIB, VIC, VIIA, XIF, XIIIA, და XIV სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად. უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები: V ბლოკზე, რომლის ფართობი 5043 კმ2-ია მოლაპარაკებები დასრულებულია კონსორციუმთან, რომლის შემადგენლობაში შედიან კოპანიები შპს „ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია“ და „ჩინეთის ახალი ვარსკვლავი“.  VIB და VIA ბლოკების პროექტთან დაკავშირებით მოლაპარეკებები ასევე დასრულებულია კოსორციუმთან, რომლის შემადგენლობაში შედიან კომპანიები შპს „ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი“ და ჩინეთის „ახალი ვარსკვლავი“. ნავთობის მოპოვებაზე აღნიშნულ კომპანიებთან ხელშეკრულება ჯერჯერობით არ გაფორმებულა

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *