მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ავტოპარკის დიდი ნაწილი მოძველებულია და ახალი ავტომობილების წილი იმპორტირებული მანქანების საერთო მოცულობაში მხოლოდ 3%–მდეა, პრემიუმ-კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ამის შესახებ Forbes Georgia–სთან საავტომობილო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობები საუბრობენ.
„2021 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წელთან მიმართებით – 30%-მდე. საქართველოში პრემიუმ-ავტომობილების და ზოგადად, ახალი ავტომობილების გაყიდვები მზარდია. თუმცა ეს არ ეხება 2020 წელს, როდესაც, პანდემიიდან გამომდინარე, ჯამური გაყიდვები როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში შემცირდა“, – განმარტავენ Porsche Center Tbilisi–ში.
მათივე განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე კომპანიას მეტად პოზიტიური მოლოდინი აქვს.
„ვფიქრობთ, რომ აღებული კურსის გაგრძელებას შევძლებთ და წლევანდელი წელი საუკეთესო და რეკორდული იქნება „პორშეს“ ცენტრის არსებობის ისტორიაში“, – აცხადებენ კომპანიაში.
IBG საქართველოში შემდეგი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია: Volkswagen-ი, Audi, Skoda Auto, Seat-ი, Kia Motors-ი, Mitsubishi Motors-ი და Renault. IBG–ში განმარტავენ, რომ მათ პორტფოლიოში არსებულ პრემიუმ-კლასის ბრენდ Audi-სა და მის მომხმარებლებზე პანდემიას განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია, ხოლო უფრო დაბალი კლასის ბრენდებს როგორიცაა, მაგალითად, Kia, საცალო გაყიდვები შეუმცირდა.
კომპანიის მონაცემების თანახმად, 2020 წელს, ისევე როგორც 2019 წელს, 6 Audi გაიყიდა საცალო სეგმენტში. ამავე მიმართულებით 2020 წელს რეალიზდა 2 Volkswagen-ი, ხოლო 2019 წელს – 8, 2020 წელს – 18 Mitsubishi, 2019 წელს კი –10.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1,4 მილიონია. იმპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი მოძველებულია. სტატისტიკის მიხედვით, 1 წლამდე ავტომობილები იმპორტის მხოლოდ 21%–ია.
დატოვე კომენტარი