საქართველოში საბანკო აქტივების 77%-ს მხოლოდ ორი ბანკი ფლობს

საქართველოში საბანკო აქტივების 77%-ს მხოლოდ ორი ბანკი ფლობს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბაზარზე არსებული თხუთმეტი კომერციული ბანკი ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივების თითქმის 91% პროცენტს ფლობს.

„კერძოდ, ორი ყველაზე დიდი ბანკი მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 77 პროცენტის, ხოლო ფინანსური სექტორის აქტივების 70 პროცენტის მფლობელია. საპენსიო ფონდების წილი მზარდია და 2022 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 4 პროცენტს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი საკმაოდ მცირეა, ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებასა და სოფლად ფინანსების ხელმისაწვდომობაში“, – წერია ანგარიშში.

უფრო კონკრეტულად, საპენსიო ფონდების წილი – 3.93%, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების – 2.44%, სადაზღვევო კომპანიების – 1.44%, ლომბარდების – 0.72%, საბროკერო კომპანიების – 0.15%, ხოლო საფონდო ბირჟების – 0.01%-ია.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ბანკებს შორის აქტივებით პირველ ორ ადგილს „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ იკავებს, შესაბამისად, 27.6 მილიარდითა და 26.9 მილიარდი ლარით, მესამე ადგილზე კი „ლიბერთი ბანკია“ 3.7 მილიარდი ლარის აქტივებით. საერთო ჯამში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 71 მილიარდ ლარს აჭარბებს.