საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში”,– განაცხადა ჩიქოვანმა. მისი თქმით, ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა.
ამასთან, 27 აპრილამდე ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვებიც ხანგრძლივდება.
“ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა გრძელდება მიმდინარე კვირის ჩათვლით, 27 აპრილამდე. ეს არ ეხება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს, საკვებ და სასურსათო ობიექტებს, მიტანის სერვისის თანამშრომლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელ სამუშაოებს. ასევე, ეკონომიკური საქმიანობის შემსრულებელ აქტორებს”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, “კოვიდ 19-ის გლობალური გამოწვევა ძალიან მძიმედ აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკაზე.
“უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ვირუსის მასობრივი შეჩერების შესაძლებლობას მისცემს. ორშაბათიდან, 27 აპრილიდან გარკვეული შეზღუდვების მოხსნა დაიწყება, მათ შორის ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვების მოხსნა. 2-3- კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად დავიწყებთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელებას”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
დატოვე კომენტარი