საქართველოში საინტერესო ტრენდი შეინიშნება, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონება საბანკო დეპოზიტების ერთგვარ ალტერნატივად განიხილება. ამის შესახებ „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ბურდილაძემ გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრა. მისი თქმით, დოლარში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც უძრავ ქონებაში ინვესტიციებს სტიმულს აძლევს.
„უძრავ ქონებაში ამონაგები უფრო მაღალია, ვიდრე ერთ- ან ორწლიან დეპოზიტზე განთავსებულ თანხებზე. შესაბამისად, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევა ავტომატურად უწყობს ხელს უძრავ ქონებაში ინვესტიციას“, – აღნიშნა „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დეველოპმენტის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია: იზრდება როგორც თავად პროდუქტის, ასევე შეთავაზებების ხარისხიც. „ძალიან გახშირდა ენერგოეფექტიანი მშენებლობები, რაც ოჯახს სერიოზულ დანაზოგს აძლევს კომუნალურების კუთხით. ასევე ხარისხის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახანძრო უსაფრთხოების ახალი ნორმები ინერგება, რაც ევროპულ სტადარტებს შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.
„თეთრი კვადრატის“ კიდევ ერთმა მმართველმა პარტნიორმა, შოთა ბერეკაშვილმა კი Forbes Talks-ში საუბრისას აღნიშნა, რომ ხარისხის გაუმჯობესება დეველოპმენტში მოთამაშეების რაოდენობის ზრდამაც განაპირობა.
„ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობა დიდია, რაც დეველოპერებს შორის კონკურენციას იწვევს. ამით მომხმარებელი მოგებული რჩება არა მარტო ფასის, არამედ ხარისხისა და მიწოდების დროულობის თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, რომ ის დრო, როდესაც მომხმარებელს ჰქონდა მცირე არჩევანი, დასრულდა. ახლა ბაზარი ბევრად უფრო განვითარებულია“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, Colliers International-ის უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით,
2021 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 17%-ით, 45 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
მიმდინარე წლის აპრილში გაიზარდა ახალაშენებული ბინების ეკონომ-სეგმენტიც და 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 34%-იანი ზრდა აჩვენა. რაც შეეხება მედიუმ-სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი აქ 21%-ით შემცირდა. პრემიუმ-სეგმენტმა კი 2019 წელთან შედარებით 39%-იანი ზრდა განიცადა.
დატოვე კომენტარი