ავსტრიელი ნობელიანტის, სკანდალურად ცნობილი ელფრიდე იელინეკის მიერ უკიდურესად ხისტად, დაუნდობლად მოთხრობილი ამბავი ორი წყვილისა – ბრიგიტასა და მისი რჩეული ჰაინცის, პაულასა და ერიხის – ალპების ძირას მიყუჟული პატარა სოფლისა და ასევე პატარა ქალაქის მკვიდრების, რომელთა “სუსტი სქესის” წარმომადგენლებისთვის ოჯახის შექმნა მათი უიმედო, მამაკაცის გარეშე უპერსპექტივო ყოფისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა. ისინი გათხოვილი ქალის სტატუსს, მწირი პიროვნული თვისებების პირობებში, საკუთარი სხეულის შეთავაზებით, მონური მსახურებითა და უსასრულო მორჩილებით თუ მოიპოვებენ.
“ხომ მშვენიერია ეს მხარე, მისი მთა-ბარი?” – ასე იწყება ელფრიდე იელინეკის “საყვარლები”, თუმცა “მშვენიერებები” ამ ლანდშაფტური ტკბობის მოკლე პასაჟით როგორც იწყება, ისე სრულდება. სულ ცოტა ხანში ავტორი გვაფხიზლებს: “ეს პატრიოტული რომანი არაა. არც სასიყვარულო რომანია, თუმცა კი ჰგავს. მართალია, სამშობლოსა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, მაგრამ სამშობლოსა და სიყვარულს არ ეხება”. რასაკვირველია, არ ეხება. სიყვარული აქ სწორედ იმ დოზითაა ნაჩვენები, რომელიც ქალის მიერ მამაკაცის დათრევას სჭირდება, რადგან “მამაკაცი თავად განაგებს თავის ბედს, ხოლო ქალს შესაძლოა ეს ბედი არგუნონ”. ან არ არგუნონ. ამისთვის ქალმა დიდი შრომა და ძალისხმევა უნდა გასწიოს, ბევრი დამცირება და ტკივილი აიტანოს. ძალიან მალე სიყვარული, რომელიც მძიმე სენს უფრო ჰგავს, მწარე გამოცდილებად იქცევა – გულის ამრევ სექსუალურ ურთიერთობად, რომლის დროსაც მამაკაცი მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნავს, ქალი კი მოთმინებით ელოდება აქტის დასრულებას, თან, ცოტა მაინც რომ გაერთოს, ამ გზით მოსაპოვებელ სიკეთეებზე ოცნებობს, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულდება, თუკი დაფეხმძიმებას მოახერხებს და ამით მამაკაცს უკან დასახევ გზას მოუჭრის. ქორწინება და შემდგომ “ფეხმძიმობის ლეგალიზებაა” ის საშვი, რომელიც პატარა, თეთრფარდებიანი და ბაღიანი საკუთარი სახლით, იქნებ საკუთარი მანქანითა და სხვა სიამტკბილობებით სავსე ცხოვრების კარს ხსნის, სადაც ისევ და ისევ მამაკაცი – მაძღარი და კმაყოფილი მბრძანებელი სუფევს ერთპიროვნულად.
“ბრიგიტა შეუმჩნეველია, ის არავის სჭირდება; ჰაინცს მომავალი აქვს, ბრიგიტას კი აწმყოც არ გააჩნია. ბრიგიტას მხოლოდ თავისი სხეული აქვს, მაგრამ საქმეს ის აფერხებს, რომ ბაზარზე სხვა უამრავი ასეთი სხეულია გამოტანილი”, ამიტომ სამკერვალო ფაბრიკის ამ არაფრით გამორჩეულ მუშაკს ერთადერთი საზრუნავი აქვს: როგორმე ხელიდან გამოჰგლიჯოს ჰაინცი შესაძლო კონკურენტებს და, რაც მთავარია, დედ-მამას, რომლებსაც, თავის მხრივ, უზრუნველი სიბერის გარანტად ჰაინცის წარმატებული საქმოსნობა ესახებათ. საიდან უნდა იცოდნენ, რომ ჰაინცის წარმოდგენაში მისი მომავალი მკვეთრად განსხვავდება მათი ოცნებებისგან: სულ მალე დედიკო-მამიკოს მოხუცებულთა თავშესაფარში უკრავენ თავს, მათი დანაზოგით აშენებულ სახლში კი საძულველი მდაბიო, ათასგზის მათგან დამცირებული ბრიგიტა გაშლის ფრთებს…
უფრო მძიმე სურათია სოფელში, სადაც 15 წლის პაულა და ერიხი ცხოვრობენ. “პაულა თავისი შეუხედავი გარეგნობის შედეგს იმკის. და იმისაც, რომ ქალია” და თუ ბრიგიტას თავისი უღიმღამო ცხოვრების გასაუმჯობესებლად სოციალურ კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა ასვლა სურს, პაულას მიზანია, სასწრაფოდ დააღწიოს თავი ძმასა და მამას, რომლებიც სასტიკად ექცევიან, რადგან ნივთად თვლიან; არც მძიმე ცხოვრებისგან გაწამებული დედისგან უგრძნია ოდესმე სიყვარული და მხარდაჭერა. ამისთვის კი კაცია საჭირო. ჰოდა, პაულასაც ეწვევა სიყვარული: “არა მახინჯი, ნახმარი, გალოთებული, გამოფიტული, ჩვეულებრივი, ნაძირალა ხის მჭრელისა, არამედ ლამაზი, ნახმარი, გალოთებული, ჩასკვნილი, ჩვეულებრივი, ნაძირალა ხის მჭრელისა. ეს მთელ ამ ამბავს არაჩვეულებრივს ხდის”. პაულასთვის ერიხია ის ადამიანი, რომელიც იმ წუმპედან ამოიყვანს, სადაც არავინაა ბედნიერი. აქ ცოლებსა და შვილებს ქმრები მუშაობითა და ცემით ხდიან სულს: “ისინი არც ერთი წამით არ ივიწყებენ თავიანთ ალალმართალ და სამართლიან სიძულვილს ქალებისადმი, რომლებიც სახლში ელოდებიან. არასოდეს არ ივიწყებენ… დაბადების დღეებს, შობას და უბედურ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით”. ერიხს, ერთ ლამაზთვალება, ბრიყვ ხისმჭრელს, მხოლოდ მანქანები და ძრავები აინტერესებს, პაულა და მისი ოცნებები კი – ყველაზე ნაკლებად. ერიხს არც სამომავლო მიზნები აქვს და არც დიდი არჩევანი – სოფელში ყველა ტყისმჭრელია, მათთვის კი ახალგაზრდობა ძალიან მალე სრულდება. “დამთავრდა ახალგაზრდობა – დაიწყო სიბერე”. და ორივე მამრს ერთი რამ აერთიანებს – მათ კეთილ ნებაზე დამოკიდებულ ქალებზე უპირობო ძალაუფლების შეგრძნებით ტკბობა.
“კრიტიკოსები ხშირად ერთმანეთისგან ვერ განასხვავებენ ჩემს პიროვნებასა და იმას, რასაც ჩემს წიგნებში აღვწერ. ისინი “ამბის მომტანს” აცხრებიან თავს, იმის ნაცვლად, რომ თავად “ამბავზე” დაფიქრდნენ”, ამბობს ელფრიდე იელინეკი. “ამბის მომტანი” კი ევროპული ლიტერატურის წარმომადგენელთა შორის მთავარ “სილის გამწვნელად” მიმაჩნია – არავის ასეთი სიძლიერით, ასეთი სიმძაფრით არ აუსახავს ის ფარისევლური, დაუნდობელი სამყარო, რომელშიც სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანები, სხვადასხვა ვარიაციით, საკუთარი უბადრუკი ყოფის წესებს ადგენენ, ან ოდესღაც დადგენილ წესებს ემორჩილებიან, ხოლო მათ, ვისაც ინსტინქტით ნაკარნახევი აუცილებლობა აიძულებს ამ რეალობის შეცვლას, მწარე ბედი ერგებათ წილად.
არავის უნდა სარკეში საშინელების დანახვა, ყველას ჩვენს კომფორტულ ყოფაში დარჩენა გვირჩევნია, ამიტომ იელინეკის ეს წიგნი ბევრს აღაშფოთებს, გულს აურევს, მწვავე პროტესტის გრძნობას გაუჩენს. ზუსტად ვიცით, რომ “საყვარლების” გმირებს არაფერი აქვთ ჩვენთან საერთო (ო, არა) არც ჩვენს ახლობლებს ჰგვანან (ცხადია, არა), ეს ყველაფერი სადღაც შორს ხდება, ვიღაც საცოდავ, უმნიშვნელო ადამიანებს ემართება, მაგრამ… თითქოს რაღაც დეტალები გვახსენდება, დიახ, ეს მოცემულობა ნაცნობია, ოღონდ ძნელად საღიარებელი… ჩვენთვის ნაცნობ შემთხვევაში ფასეულობები უცვლელი რჩება, მხოლოდ მარჟაა უფრო მაღალი, ფსონი უფრო მნიშვნელოვანი – ერიხის საცოდავი მოპედის ნაცვლად სცენაზე ახალი მარკის ავტოსაოცრება გამოდის, პაულასა და ბრიგიტას საოცნებო დიდი სამზარეულოსა და ახალი სარეცხი მანქანის ნაცვლად – ბრენდული სამოსი და კარიბის კუნძულებზე დასვენება… თავს ძალიან შორსაც ნუ დავიჭერთ – ეს წიგნი ჩვენზეა – ქალებზეც, მამაკაცებზეც, ადგილია სხვა, საზომი, მოთხოვნები, მაგრამ პრობლემის არსი მყარი და უცვლელია და თუ ამ მდგომარეობის შეცვლას არ ვეცდებით – მარადიული.
ქართველი მკითხველისთვის სასიხარულო ამბავი: 2008 წელს გამომცემლობა “არეტეს” მიერ დაბეჭდილი, ანა კორძაია-სამადაშვილის საუცხოო თარგმანი, გურამ წიბახაშვილის არანაკლებ საუცხოო ილუსტრაციებით.
ფრანგი ლოლიტას ინდოჩინური რომანი
ის, რომ მარგერიტ დიურასის “საყვარელი” გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, ეჭვგარეშეა. ამის დამადასტურებელ მწერლის ბიოგრაფიას რომ თავი დავანებოთ, ისიც კმარა, რომ მისი პროზა “მე”-თი იწყება, გრძელდება და სრულდება, მხოლოდ ერთი ადამიანის გრძნობებს, ქმედებებს აღწერს, თანაც ისეთი ინტენსივობით, რომ ეჭვის ნატამალიც კი (თუ გქონდა) გიქრება, და თუკი თხრობისას სხვა პიროვნებასაც გამოურევს, ისიც მხოლოდ როგორც მისი შინაგანი განცდის, უფრო ვნების, ობიექტს, იქნება ეს მისი საყვარელი მამაკაცი, დედა, ძმა თუ სკოლის მეგობარი გოგონა.
ეს მარგერიტ დიურასია, გონკურის პრემიის (1984) ლაურეატი, რომელიც, მართალია, სულ იმას ამტკიცებდა, რომ მისი ცხოვრების ისტორია არ არსებობს, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ ისტორიას წერდა, უბრუნდებოდა და თავიდან წერდა. მას ერთი ნაწარმოებიდან მეორეში გადააქვს ქალის სახე (აკი ვთქვი უკვე – საკუთარი) – ქალის, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ განუმეორებლობაში, სიძლიერეში, ქალურ მომხიბვლელობაში (ან სულაც ამაში ჩვენს დარწმუნებას ცდილობს) და მკითხველის (ამ შემთხვევაში – ჩემი) ოდნავი გაღიზიანებისა და უსუსური “მკითხველური” წინააღმდეგობის მიუხედავად, ნელ-ნელა გითრევს ამ ეგოცენტრულ თვითკირკიტსა და თვითტკბობაში; გაღელვებს, გარწმუნებს, მისი ისტორიის თანამონაწილედ გაქცევს, პერსონაჟებისადმი მის დამოკიდებულებაზე დამოკიდებულს გხდის.
“მე თხუთმეტ-ნახევარი წლის ვარ და ისეთ მხარეს ვცხოვრობ, სადაც წელიწადის დროები ერთმანეთს არ ენაცვლება, სადაც ყოველთვის ზაფხულია – მცხუნვარე, ერთფეროვანი, დაუსრულებელი, სადაც ზაფხული არასოდეს დადგება, არასოდეს არაფერი განახლდება” – ასე იწყება ამ ეგზოტიკური სიყვარულის ისტორია (მცირე ფორმატის გამო რომანს რომ ვერ დაარქმევ და ნოველასაც ვერ შეჰკადრებ), რომელსაც უკვე ასაკოვანი მწერალი იხსენებს მისთვის დამახასიათებელი იმპულსური, წყვეტილი თხრობით, უპირობოდ სარწმუნო მანერით; ნაწარმოები, რომელსაც გამოსვლისთანავე არნახული პოპულარობა ხვდა წილად (არამხოლოდ მრავლის მნახველ საფრანგეთში) და რომელიც 80-იანი წლების მსოფლიო ბესტსელერად იქცა.
“ბავშვი აღარ ვარ, რაღაც უკვე გამეგება. მაგალითად ის, რომ ქალს ალამაზებს არა კოსმეტიკა ან ძვირფასი კრემები, ან დახვეწილი, იშვიათი ჩაცმულობა. ვიცი, ეს არაა მთავარი, მაგრამ რა არის მთავარი – ჯერ ვერ გამიგია. ერთს მივხვდი მხოლოდ: ქალები იქ არ ეძებენ, სადაც საჭიროა. მათ საკუთარი თავით უკმაყოფილება სტანჯავთ და ამაში თავად არიან დამნაშავე, რადგან მარტივ შეცდომას უშვებენ: შეუძლებელია, ვნება ხელოვნურად გამოიწვიო, რადგან ის ან არის ქალში, ან – არა. ერთი შეხედვით ხვდები, რომ ვნება არ არის და არც ყოფილა. ყოველთვის იგრძნობა ქალის სექსუალური მიმზიდველობა თუ მისი არარსებობა. ეს ცოდნაც შეცნობამდე მივიღე”.
შეცნობამდე, ანუ სრულწლოვანებამდე. თეთრკანიანი ფრანგი გოგონა ფრანგულ ლიცეუმში სწავლობს, ახლა კი საიგონის სახელმწიფო პანსიონიდან მდინარე მეკონგით, ბორნით მიემგზავრება სახლისკენ, სადაც დედა და მისი ორი ძმა ცხოვრობენ. სიძველისგან გაცრეცილ კაბაში, მამაკაცის ქუდსა და ოქროს ფარჩისგან შეკერილ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი, წითლად ტუჩებშეღებილი გოგონასა და ჩინელი ბონვივანის, მასზე უფროსი მამაკაცის შეხვედრა სწორედ ბორანზე ხდება. შავი ლიმუზინიდან გადმოსული ელეგანტური მამაკაცი არცთუ უმნიშვნელო პერსონაა ქალურად თავდაჯერებული და თავნება მოზარდისთვის.
“გოგონა თეთრია და ღარიბი. ყმაწვილი – ყვითელკანიანი და მდიდარი”. ვინ უფრო მაღლა დგას 1930-იანი წლების კოლონიური ინდოჩინეთის რანჟირების სისტემაში? ვინ არის მსხვერპლი, გოგონა, რომელიც იმპულსურ, გაუცნობიერებელ ვნებას დაჰყვა, თუ პარიზიდან ახლადჩამოსული მილიონერის შვილი, რომელმაც კარგად იცის, რომ, სიყვარულის მიუხედავად, მამა არასდროს დართავს ნებას “ამ პატარა თეთრკანიან პროსტიტუტზე იქორწინოს”? მათი სასიყვარულო ისტორია თითქოს იმთავითვე დაგეგმილი და შეუქცევადია – მცხუნვარე მზის ქვეშ გაზრდილი “ნიმფეტკა” საკუთარი ნებით მიჰყვება მამაკაცს პაემნებისთვის განკუთვნილ მის ბინაში; ეს გამოუცდელი, ფრანგი (ისევ ნაბოკოვს დავესესხები) “ლოლიტა” თავად კარნახობს მამაკაცს მასთან ურთიერთობის წესებს, გოგონას სურვილია, მას ისე მოექცნენ, “როგორც ჩემამდე სხვა ქალებს ექცეოდი”. ძნელი გასარკვევია, გოგონას ძლიერი ლტოლვა გამოღვიძებულ ქალურ საწყისს დამორჩილებული შეუქცევადი პროცესია თუ მოზარდის სურვილი, აუმხედდრდეს და გადააბიჯოს დაწესებულ ჩარჩოებს, თავს უფლება მისცეს, იყოს გამორჩეული და საკუთარი თავის განმკარგავი, ან იქნებ ეს სწორედ ის ბუნტია, რომელიც თავისთავად მოჰყვება ამ უკიდეგანოდ მოსაწყენ და მიძინებულ ყოფას, რომელსაც ასევე უკიდეგანო გაჭირვება ემატება; ან სულაც შედეგი სიყვარულის ნაკლებობისა, რომელსაც დედა არათანაბრად უნაწილებს თავის შვილებს, რაც გოგონაში დედისადმი სიყვარულნარევ სიძულვილს იწვევს. მთელი მისი არსება უმცროსი ძმისადმი სიბრალულსა და უფროსისადმი ძლიერ სიძულვილს შეუპყრია: “მინდოდა მომეკლა, მომეკლა ჩემი უფროსი ძმა… ერთხელ მაინც მასზე გამარჯვება მომეპოვებინა. უნდა წამერთმია დედაჩემისთვის მისი სიყვარულის საგანი, დამესაჯა იმისთვის, რომ ასეთი გააფთრებით და ასე ამაოდ უყვარდა… და რაც მთავარია, ჩემი უმცროსი ძმა უნდა გადამერჩინა, დამეცვა უფროსი ძმისგან, რომელიც თავისი ცხოველური სისასტიკით შიშის ზარს სცემდა ჩემს პატარას”.
“თვრამეტი წლისა უკვე მოხუცი ვიყავი, უეცრად დავბერდი, უხეშად… არ ვიცი, შესაძლოა, სხვებსაც ემართებათ ასე, არავისთვის მიკითხავს, მაგრამ თითქოს ვიღაცამ მითხრა, რომ ასეც ხდება: დრო ზოგჯერ დაღს ასვამს ადამიანებს ყველაზე ადრეულ, ცხოვრების ყველაზე საზეიმო, სადღესასწაულო წლებში”. მარგერიტ დონადიემ (დიურასი ფსევდონიმია) 81 წელი იცხოვრა, მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის მოძრაობაშიც ჩაერთო და კომუნისტური პარტიის წევრობაც მოასწრო, მაგრამ სიბერე კარგა ხანს არ დასტყობია – სექსუალური რევოლუციის მაუწყებელი ფრანგი მწერლის თვრამეტი წლის ასაკში დაბერება მისი უჩვეულოდ საინტერესო პროზის ერთ-ერთი ხატოვანი პასაჟია მხოლოდ…
დატოვე კომენტარი