საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) დათვლის მეთოდოლოგია შეცვალა. SNA 1993 მეთოდოლოგიიდან SNA 2008 მეთოდოლოგიაზე გადავიდა. ძველსა და ახალ მეთოდოლოგიას შორის განსხვავებები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან.
ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკამ 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა, როცა ძველი მეთოდოლოგიით 41.1 მილიარდი ლარი იყო. საქსტატმა 2010 წლიდან არსებული მონაცემები გადაიანგარიშა. 2018 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0.1% პუნქტით გაიზარდა და 4.8% შეადგინა.
გაიზარდა ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალიც. 2018 წელს ლარში 11 968 ლარი შეადგინა, ხოლო დოლარში 4 722 დოლარი. აქამდე 4 359 დოლარი იყო ცნობილი.
დატოვე კომენტარი