საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ 2023 წლის პირველი ნახევრის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19,431 ბავშვი შეადგინა. რაც შეეხება გარდაცვლილთა მაჩვენებელს, ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 21,944 ადამიანი გარდაიცვალა.
2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივი მატება, რაც გულისხმობს სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის, -2,513 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ სამ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 870, თბილისში 340, ხოლო ქვემო ქართლში – 145. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი უარყოფითი მაჩვენებლით იმერეთი გამოირჩევა, სადაც ბუნებრივი მატება -1,287 ადამიანს უტოლდება.
რაც შეეხება 2023 წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებულ ქორწინებისა და განქორწინების მაჩვენებელს, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10,366 და განქორწინების 6,828 შემთხვევა.
2023 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის მარტის ბოლოს.