საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ–ივლისის პერიოდში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.8%–ით გაიზარდა და $2.3 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 30.7%–ით გაიზარდა ექსპორტი რეექსპორტის გარეშე(ადგილობრივი ექსპორტი) და $1.7 მილიარდს მიაღწია. ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა მთლიან ექსპორტში 73.1%–ს შეადგენს.
ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ ექსპორტის მოცულობამ პანდემიამდელი პერიოდის მონაცემებს თითქმის $200 მილიონით გადააჭარბა. ამასთან, ზრდადი ტენდენციით ხასიათდება ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში.
2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან
ადგილობრივ ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო
პარტნიორებია: ჩინეთი ($352.2 მლნ. ), რუსეთი ($293.9 მლნ.) და თურქეთი
($180.1 მლნ. ).
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მოცულობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა აშშ–ში 127%–იანი ზრდა, თურქეთსა და უკრაინაში, შესაბამისად 65.7% და 60.4%–იანი ზრდის მაჩვენებლით. ხოლო ექსპორტის მოცულობის შემცირებით ხასიათდებოდა ბულგარეთი 33.1%–იანი კლების მაჩვენებლით, ესპანეთი(–14.7%) და შვეიცარია(–18.1%).
2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 465.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 123.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტი).
ადგილობრივ საექსპორტო საქონელს შორის მკვეთრი ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა ტრიკოტაჟის ნაწარმში, სადაც ზრდამ 82.9% შეადგინა, ასევე გაიზარდა თხილისა და კაკლის ექსპორტის მოცულობა 75.1%–ით და მინერალური წყლების ექსპორტი 93.2%–ით.
დატოვე კომენტარი