საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი სექტემბერთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა. წინა წლის შესაბამის თვესთან მიმართებით კი ინდექსის 17.7%-იანი ზრდა აღინიშნა.
კერძოდ, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 2.1%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში. ამ უკანასკნელის წილი ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.13%-ს შეადგენს. დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში ფასების 2.8%-იანი მატება აღინიშნა, რამაც მთლიან ინდექსზე 2.24%-ით იქონია გავლენა. 1.8%-ით გაიზარდა ფასები ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში. მისი წვლილი თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.19%-ს შეადგენს.
რაც შეეხება 12-თვიან პერიოდს, ამ შემთხვევაში ინდექსის ფორმირებაზე გავლენა შემდეგ პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ იქონია:
- დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია – ფასები 20.3%-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 16.09%-ით იქონია გავლენა.
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი – ფასები 12.6%-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი ინდექსის 1.44%-ით ზრდა განაპირობა.
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით – ფასები 7.8%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინდექსზე 0.24%-ით იქონია გავლენა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი სექტემბერთან შედარებით ოქტომბერში 1.1%-ით გაიზარდა. დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფის შემთხვევაში ფასების 1.0%-იანი მატება დაფიქსირდა.
ასევე საყურადღებოა, რომ 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით გასულ თვეში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის 18.0%-იანი ზრდა აღინიშნა. ამაზე გავლენა ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასების შემდეგნაირმა ცვლილებამ იქონია:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია – ფასების 47.4%-იანი ზრდა.
- დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია – ფასების 18.3%-იანი ზრდა.
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი – ფასების 13.1%-იანი ზრდა.
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით – ფასების 7.5%-იანი ზრდა.
რაც შეეხება ექსპორტს, ამ შემთხვევაში სექტემბერთან შედარებით ოქტომბერში ფასების ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა. ფასების 4.9%-იანი მატება დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით კი გასულ თვეში ინდექსი 17.2%-ით გაიზარდა. ამაზე გავლენა ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასების შემდეგნაირმა ცვლილებამ იქონია:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია – ფასების 20%-ით კლება.
- დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია – ფასების 22.6%-ით ზრდა.
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით – ფასების 2.9%-ით ზრდა.
იმპორტის ფასების ინდექსი სექტემბერთან შედარებით ოქტომბერში 1.4%-ით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის თვესთან მიმართებით კი 21.6%-იანი მატება დაფიქსირდა. ამაზე გავლენა შემდეგ პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ იქონია:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია – ფასების 34%-იანი ზრდა.
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი – ფასების 47%-იანი კლება.
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით – ფასების 1.5%-იანი ზრდა.