საქსტატი: საქართველოში ოჯახების 16.1%-ს საშუალო თვიური შემოსავალი შეუმცირდა

საქსტატი: საქართველოში ოჯახების 16.1%-ს საშუალო თვიური შემოსავალი შეუმცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე Covid-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევის, მეხუთე ტალღის ძირითადი შედეგები გამოაქვეყნა. გამოკვლევის ფარგლებში მონაცემები შეგროვდა როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში.

საქსტატის უახლესი მონაცემებით, რესპონდენტების 25.7% იშვიათად, ან საერთოდ ვერ ახერხებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებას. ამის მიზეზად უმეტესწილად სამსახურში სიარული (71.1%) და საყიდლებზე წასვლა (68.7%) სახელდება. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ყოფნისას, გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში, რესპონდენტების 86.% ყოველთვის ატარებდა პირბადეს, იშვიათად მხოლოდ 0.75%.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის თანახმად, შინამეურნეობის 5.8%-ში ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური ხანგრძლივი, ან დროებითი პერიოდით. სამსახურის დაკარგვის მაჩვენებელი საქალაქო ტიპის დასახლებაში 6.7%-ია, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებისთვის 4.6%. რაც შეეხება შემოსავლებს, 2021 წლის ივლისიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში, ქვეყანაში შინამეურნეობის 16.1%-ს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავალი, მათ შორის 15.9%-ს სოფლად, ქალაქის ტიპის დასახლებებში კი 16.3%-ს. შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული გარემოებები სახელდება, მათ შორის: კომპანიის/ ბიზნესის მოთხოვნის შემცირება, რომელშიც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს (44.6%).

საქსტატის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებისგან თავის არიდების მიზეზად, 36.8%-მა ვაქცინის თანამდევი მოვლენები დაასახელა, 35.8% კი თვლის, რომ ვაქცინა ძალიან ახალია და არ არის საკმარისად გამოცდილი, 32.1% ვაქცინისგან თავს ჯანმრთელობის არსებული პრობლემების გამო იკავებს. იმ რესპონდენტთა 53,8%, რომლებსაც არ გაუკეთებიათ ვაქცინა, თუმცა მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ, ფაიზერ-ბიონტექს ირჩევს. ასტრაზენეკაზე არჩევანს გამოკითხულთა ყველაზე მცირე ოდენობა, 3,1% აჩერებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *