სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ადგილობრივი ტურიზმის II კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.28 მილიონით განისაზღვრა. მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი 1.6 მილიონი შეადგინა. გასული წლის II კვარტალთან შედარებით, პირველ შემთხვევაში ზრდამ – 13.8%, ხოლო მეორე შემთხვევაში 24.9% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 670.6 ათასით განისაზღვრა. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 18.3%-ით აჭარბებს.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი, საშუალოდ 356.0 ათასი ვიზიტი თვეში, დედაქალაქში განხორციელდა. მეორე ადგილზე კი იმერეთის რეგიონია თვეში საშუალოდ 342.6 ათასი ვიზიტით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 233.3 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%-ით მეტია. თუმცა, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 10.5%-ით შემცირდა და 145.8 ლარს გაუტოლდა.