“ცხობა მილიარდდოლარიანი ინდუსტრიაა, რომლის მოდერნიზებაც ჯერ არავის უცდია”, – ამბობს სტარტაპ Foodstirs-ის თანადამფუძნებელი სარა მიშელ გელარი. მისი სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს, გამოწერით შეიძინოს ცხობისათვის განკუთვნილი კომპლექტი.
გასული წლის სექტემბერში სარა მიშელ გელარი შეუერთდა თავის მეგობარსა და PR-სპეციალისტ გალიტ ლაიბოუს და მარტა სტიუარტის ყოფილ აღმასრულებელ პროდიუსერ გია რუსოს და მათ ერთად გადაწყვიტეს კულინარიული ცხოვრების სტილის ბრენდის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავდა მათი ოჯახებისა და მეგობრების სამზარეულოში თავმოყრას. გელარი და ლაიბოუ – ორივე დედები არიან, რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ ისეთი სახალისო და საგანმანათლებლო ოჯახური აქტივობის მოძიებას, რაც მათ შვილებს დროებით მაინც მოსწყვეტდა მობილური ტელეფონებისა და ტელევიზორისაგან. კულინარიული პროექტების ძიებისას მათ განსაკუთრებით გაუჭირდათ სუფთა ინგრედიენტებისა და სახალისო, მარტივი საცხობი კომპლექტების პოვნა. “ხალხი ითხოვს უკეთესი ხარისხის პროდუქციას და ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენ შეგვეძლო მათთვის რაღაც ინოვაციურის შეთავაზება”.
“მე ადრეც მიმუშავია მილიარდდოლარიან ფრანშიზებზე”, – ამბობს გელარი, რომელიც 1997-2003 წლებში
მთავარ როლს ასრულებდა ცნობილ ტელესერიალში “ბაფი, ვამპირების გამანადგურებელი’ (Buffy the Vampire Slayer). – და ასევე ვფიქრობ, რომ შემიძლია მომხმარებელთან პირდაპირი საუბარი”.
გელარის სტარტაპი, Foodstirs-ი, მომხმარებელს სთავაზობს ყოველთვიური გამოწერით ყუთებს, სადაც მოთავსებულია სპეციალური ინგრედიენტებით შეზავებული საცხობი ფქვილი, ნამცხვრის მოსართავი საფანელი, ხილის ნაყინის ჯოხები, ორცხობილას სხვადასხვა ფორმის საჭრელები და ბევრი სხვა ნივთი, რაც რეცეპტებით გათვალისწინებული ნამცხვრების გამოსაცხობადაა საჭირო. გელარის კულინარიულ ყუთში არ შედის ცხიმი, კვერცხი, იოგურტი (ჯანსაღი შემცვლელი ცომისა და მინანქრის შესაკვრელად) და გამოსაცხობი ტაფა. ყუთში მოთავსებული ინგრედიენტები არ შეიცავს კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ პროდუქტს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
“ვფიქრობ, რომ ჩვენი პროდუქციის გამოწერა მართლაც ძალზე საინტერესო საშუალებაა იმისათვის, რომ უშუალო კონტაქტი დავამყაროთ მომხმარებელთან და პირდაპირ ხელში მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია, – ამბობს გელარი. – Foodstirs-ის საცხობი კომპლექტების გამოწერა შესაძლებელია 3-თვიანი ($72), 6-თვიანი ($132), და 12-თვიანი ($252) შეთანხმებით. ამჟამად სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ სეზონურ ნაკრებს, სადაც შედის გულის ფორმის ბრაუნის გამოსაცხობი ფქვილის ნაზავი, ჯოხზე წამოცმული ნამცხვრის ინგრედიენტები, ორცხობილას კომპლექტები და კიდევ სხვა მრავალი პროდუქცია სპეციალურად ვალენტინობის დღესასწაულისათვის.
“მთელი ჩვენი რესურსები მიმართულია იმისაკენ, რომ მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ, ხოლო როდესაც მაღაზიათა ქსელებთან დავიწყებთ თანამშრომლობას, ჩვენ უკვე პირდაპირი კონტაქტი გვექნება დამყარებული ჩვენს აუდიტორიასთან, – ამბობს გელერი. იმ დროისათვის უკვე გვეცოდინება, თუ რა მუშაობს ორგანულად”. გელარის მიზანია, რომ მისი ცხოვრების სტილთან დაკავშირებული ბრენდი მთელ მსოფლიოში დანერგოს და მომავალში საკუთარი მაღაზიები გახსნას. როდესაც გელარს ვკითხე, Foodstirs-ის განვითარების რომელ ეტაპს ელოდა იგი ყველაზე მოუთმენლად, მან მიპასუხა: “მგონი, თქვენ თავადაც კარგად იცით პასუხი ამ კითხვაზე. მე მოუთმენლად ველი ჩვენი კომპანიის აქციების საფონდო ბირჟაზე საჯაროდ გატანას. ეს შესანიშნავი დღე იქნება”, – აღიარა გელარმა.
“როდესაც ინვესტორებთან მიდიხარ და ეუბნები ‘’ბაფის კარგი ბიზნესიდეა აქვს’, ხვდები, რამდენად სერიოზულად გიყურებენ ისინი”, – ამბობს გელარი. ცნობილ მსახიობს, რომელმაც პირველად სცადა თავისი თავი ბიზნესში, და მის გუნდს არაერთი სიძნელის გადალახვა მოუხდათ, როდესაც თავიანთი საქმე დაიწყეს. ისევე როგორც ყველა ახალბედა მეწარმეს, მათაც ჰქონდათ პრობლემები დაფინანსებასა და პროდუქციის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. “როდესაც გაქვთ რაღაც იდეა, თქვენ არ უნდა დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა მაშინაც კი, როდესაც სხვა არავის სჯერა იდეის წარმატების. ბევრი კარი დაიხურა ჩვენ წინ და ბევრმა უარი თქვა ჩვენი იდეის სერიოზულად აღქმაზე, მაგრამ წარმატებისათვის ერთი ადამიანიც კი საკმარისია. ყოველთვის გამოჩნდება ის ერთი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი იდეის ჩამოყალიბებასა და ხორცშესხმაში”.
დატოვე კომენტარი