კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შესყიდვის გარიგებისთვის დროებითი შემაკავებელი ორდერი გამოსცა. მხარეებს შორის თითქმის $70-მილიარდიანი შეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ვერ განხორციელდება.
კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ მოსმენები 22 და 23 ივნისს ჩანიშნა. დროებითი შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გუშინ აშშ-ის ვაჭრობის ფედერალური კომისიის მიერ შეთანხმების დაბლოკვის მოთხოვნის კიდევ ერთხელ გაჟღერების შემდეგ გამოსცა.
საკუთარ მოთხოვნაში ამერიკულმა მარეგულირებელმა, FTC-მა შეთანხმების დაბლოკვა მანამდე ითხოვა, სანამ სასამართლო მოსმენები არ დასრულდება.
შეგახსენებთ, შეთანხმება Microsoft-სა და Activision Blizzard-ს შორის 2022 წლის იანვარში გაფორმდა და მხარეებს გარიგების სისრულეში მოსაყვანად დრო 18 ივლისამდე აქვთ. თუკი კომპანიები ვადის გაგრძელებაზე არ შეთანხმდებიან, გამოდის, რომ მათ პროცესების დასასრულებლად მხოლოდ 1 თვე რჩებათ. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში კი Microsoft-ს კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი Activision Blizzard-ისათვის 3 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.