2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა. ამ ტიპის სასტუმროებში ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი, 2017 წლის დეკემბრის მსგავსად, დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, საშუალოზე შესაბამისად 53% და 33%-ით მაღალი. PMCG კვლევის მიხედვით, აღნიშნულ მაჩვენებლებს უმეტესწილად განაპირობებს ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების მაღალი ფასები. ასევე, საშუალოზე მაღალი ფასი ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 223 ლარი შეადგინა. საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (315 ლარი). ასევე, აღნიშნული ტიპის საშუალოზე მაღალი ფასის მქონე განთავსების საშუალებები გვხვდება კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და თბილისში.
5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, თბილისის გარდა, სამ რეგიონში ფუნქციონირებს (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი). 5 ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 2018 წლის იანვარის თვეში 373 ლარი შეადგინა. დეკემბრის მსგავსად, იანვარში აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასებში თბილისსა და რეგიონებს შორის დიდი სხვაობა დაფიქსირდა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 649 ლარი შეადგინა, კახეთში – 297 ლარი, აჭარაში – 216 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 407 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებს. იანვარში საშუალო ფასი ამ ტიპის სასტუმროებში 74 ლარს შეადგენს. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ფიქსირდება.
სასტუმროებზე ინფორმაციის შეგროვება და ფასებზე მონაცემების მიღება მოხდა ვებ-გვერდიდან booking.com-თან და სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე. Booking.com-ზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 10 000-ზე მეტი განთავსების საშუალებაა დარეგისტრირებული (ბინები, ჰოსტელები, სასტუმროები და ა.შ.). ამ შემთხვევაში, ყურადღება გამახვილებულია საოჯახო, სამ, ოთხ და ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებზე.
სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის იანვარში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 6.4%-ით შემცირდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები, დეკემბრის ფასებთან შედარებით, ყველაზე მეტად შეიცვალა თბილისში (9.9%-ით შემცირდა). ფასების მკვეთრი შემცირება თბილისში შეიძლება დავუკავშიროთ იანვრის თვეში საერთაშორისო ვიზიტორების შემცირებულ ნაკადებს დეკემბერთან შედარებით. 2018 წლის იანვარში, გასულ თვესთან შედარებით, საქართველოს 25.9%-ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ხოლო 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი) საქართველოში, იანვარში დეკემბერთან შედარებით, 19.4%- ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტორი გაჩერდა.
დეკემბერში მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში, გუდაურის და ბაკურიანის სასტუმროებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, გაზრდილი ფასები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იანვრის თვეშიც შენარჩუნდა, ხოლო მცხეთა- მთიანეთის სასტუმროების ფასები 3.4%-ით შემცირდა.
3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 7.8%- ით შემცირდა. მოცემული ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად შემცირდა თბილისში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ფასების დონემ აღნიშნული ტიპის სასტუმროებში 2018 წლის იანვარში 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, უმნიშვნელოდ მოიმატა (3.3%-ით). რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიზარდა.
დატოვე კომენტარი