სატელიტური კავშირის მქონე ტელეფონის გამოყენების გამო, მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, Saudi Aramco-ს ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ფერგუს მაკლეოდმა ინდოეთის ციხეში თითქმის ერთი კვირა გაატარა, – ამის შესახებ Financial Times-ი წერს. როგორც ირკვევა, ინდოეთში სატელიტური ტელეფონის გამოყენების უფლება უცხოელებს, როგორც წესი არ აქვთ – ამისთვის მათ სპეციალური ნებართვა სჭირდებათ. აღნიშნული აკრძალვა 2008 წელს, მუმბაიში მომხდარ ტერაქტს უკავშირდება.
როგორც ფერგუს მაკლეოდის განცხადებიდან ვიგებთ, სატელიტური კავშირის მქონე მობილური ტელეფონი მან ინდივიდუალური მოხმარებისთვის ჯერ კიდევ 2017 წელს, გაერთიანებულ სამეფოში შეიძინა, რათა ის იმ შემთხვევაში გამოეყენებინა, თუ საუდის არაბეთის უდაბნოში მას სატელეფონო კავშირი არ ექნებოდა. მაკლეოდმა აღნიშნა, რომ ინდოეთში დასასვენებლად ჩამოვიდა და ტელეფონი არც გამოუყენებია – თან, როგორც ის ამბობს, მან ამკრძალავი კანონის შესახებ არაფერი იცოდა.
„ეს საშინელ ადგილას მიღებული ძალიან მატრავმირებელი გამოცდილება იყო. საერთო კამერაში ხანგრძლივი ვადით მისჯილ მსჯავრდადებულებთან ერთად ვიჯექი, რომელთაც ძალიან დიდი დანაშაულები ჰქონდათ ჩადენილი“, – აღნიშნავს მაკლეოდი FT-სთან საუბრისას. როგორც ირკვევა, დაკავების შემდეგ მაკლეოდმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, ხოლო მისმა მეგობრებმა გირაო გადაუხადეს და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოიყვანეს. თავად მაკლეოდს 1000-რუპიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რაც დაახლოებით $12-ია.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 62 წლის ბრიტანელი ფერგუს მაკლეოდი დიდი ხნის განმავლობაში Deutsche Bank-ში ანალიტიკოსად მუშაობდა, მოგვიანებით კი, BP-ის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში, მაკლეოდი იმავე თანამდებობას Saudi Aramco-ში იკავებს.
დატოვე კომენტარი