22 მარტს, ერთ–ერთმა უდიდესმა თანამგზავრულმა ოპერატორმა SES-მა, დედამიწის ორბიტისკენ ახალი, მძლავრი სატელიტი გაამგზავრა, რომელიც საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მოხმარებაზეა გათვლილი. სატელიტის გამგზავრება უამინდობის გამო ერთი დღით დაგვიანდა. SES-ი პირველი სატელიტური ოპერატორი იყო, რომელმაც 1995 წელს ევროპაში ციფრული მაუწყებლობა გახადა შესაძლებელი. SES-ის მედიაპარტნიორია Forbes Georgia.
სატელიტის გაშვება მოხდა ფრანგული გვიანას ქალაქ კურუში მდებარე „გვიანას კოსმოსური ცენტრიდან“. SES-ის აღმასრულებლებთან და მნიშვნელოვან კლიენტებთან ერთად, სატელიტის გაშვებას დაესწრო Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გუგა სულხანიშვილი.
საქართველოს ტელე- და რადიომაუწყებლობისთვის სატელიტ ASTRA 5B-ის გაშვება უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია. 22 მარტი საქართველოს მედიამაუწყებლობაში ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დანერგვის ათვლის წერტილია.
შეგახსენებთ, რომ მიწისზედა ანალოგური ტელემაუწყებლობა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღეს სარგებლობს, 2015 წლის 17 ივნისისათვის მთელ ევროპაში გაითიშება და ევროპის დარჩენილი, ციფრული მაუწყებლობის გარეშე მყოფი ქვეყნები, მთლიანად ციფრულ მაუწყებლობაზე გადაინაცვლებს, მათ შორის საქართველოც. სწორედ SES-ის კუთვნილი სატელიტის მიერ მოწოდებული თანამგზავრული მაუწყებლობის საშუალებით გახდება შესაძლებელი ასობით მაღალი გარჩევადობის არხის მიღება მთელ საქართველოში, მაღალმთიანი რეგიონების ჩათვლით.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, ქვეყანაში ფასიანი თანამგზავრული მაუწყებლობის პროვაიდერები ჩნდებიან, მათგან უდიდესი კი სწორედ Forbes Georgia-ს მედიაპარტნიორი SES-ია, რომლის მფლობელობაშიც ამჟამად 55 თანამგზავრია. SES-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი დაფარვის მქონე სატელიტური ოპერატორია, რომელსაც შეუძლია წვდომა იქონიოს მსოფლიოს მოსახლეობის 99%–ზე. საქართველოს თავზე პოზიციონირებული SES-ის ახალი სატელიტი ASTRA 5B გაზრდის სიგნალის გეოგრაფიულ არეალს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ სატელიტი სარგებლობს სრულიად ინოვაციური სანავიგაციო სისტემა EGNOS-ით (European Geostationary Navigation Overlay Service). EGNOS-ი არის ევროპის პირველი ინვესტიცია სატელიტურ ნავიგაციაში, რომელიც საშუალებას იძლევა დასრულდეს კვლევა–განვითარების ეტაპზე მყოფი პროექტი GALILEO. GALILEO იქნება ევროპის პირველი დამოუკიდებელი გლობალური სატელიტური ნავიგაციის სისტემა და ეს ყველაფერი სწორედ საქართველოს თავზე დაკიდებული, Forbes Georgia-ს ლოგო დატანებული ASTRA 5B-ის მეშვეობით გახდება შესაძლებელი.
SES-ის ვიცე-პრეზიდენტის, ნორბერტ ჰოლცლეს თქმით, „ამ სატელიტის გაშვება საქართველოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია, კარგ ეკონომიკურ სიტუაციაში აყენებს“.
დატოვე კომენტარი