ჯელატოს მწარმოებელი ქართული კომპანია „ლუკა პოლარე“ თიბისისთან პარტნიორობით, თბილისში ახალი საწარმოს პროექტს ახორციელებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონი აშშ დოლარია.
როგორც „ლუკა პოლარეს“ PR-ის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანი ციცქიშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, სანაყინეების ქსელის მუდმივმა გაფართოებამ დღის წესრიგში საწარმოს გაფართოების საჭიროება დააყენა, თუმცა მისივე თქმით, ეს არ იქნება სტანდარტული საწარმოო შენობა.
„გადაწყდა, რომ გვჭირდებოდა დიდი სივრცე, რომელიც ჩვენს ამბიციურ გეგმებს უპასუხებდა. იდეის გაჩენასთან ერთად, მალევე გამოჩნდა პარტნიორი და ამ პროექტს ლუკა პოლარე „თიბისისთან“ ერთად ახორციელებს.
„ისთ ფოინთის“ მხარეს საწარმოო ზონაში 2600 კვ/მ-ის მიწის ნაკვეთზე, 1500 კვ/მ-ზე ავაშენებთ შენობას. ეს არ იქნება მხოლოდ წარმოება, აქ მოეწყობა საწყობი, ტრენინგცენტრები თანამშრომლებისთვის, სხვადასხვა სივრცე, შოურუმები, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებას მოვაწყობთ. არ გვინდა, რომ პროექტი მხოლოდ წარმოების გაფართოებისთვის იყოს, ეს უნდა იყოს მომავლის შენობა, რომელიც მაქსიმალურად ეკომეგობრული იქნება. ამისთვის ვფიქრობთ და ვმუშაობთ ენერგიის სხვადასხვა ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე.
ამ ეტაპისთვის სრულდება პროექტირების ნაწილი და სულ მალე მშენებლობაც დაიწყება. ვფიქრობთ, ახალ შენობაში 2 წელიწადში გადავალთ“, – განაცხადა ანი ციცქიშვილმა.
კომპანიაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ რამდენით გაიზრდება წარმადობა ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პროექტი „ლუკა პოლარეს“ ქსელის ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე გაფართოებაში შეუწყობს ხელს.
„ლუკა პოლარეს“ ფრანჩაიზის ქვეყნის გარეთ გაყიდვის საკითხზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. ამ მიზნით ნოემბერში რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტი გვაქვს ჩანიშნული. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დაგიანონსებთ იმ ქვეყნებს, სადაც ფრანჩაიზს გავყიდით“, – განაცხადა ციცქიშვილმა.
დატოვე კომენტარი