ქალაქების „სიძვირეს“ ბევრი ფაქტორი, მათ შორის საცხოვრებლის მაღალი მოთხოვნა, მაღალანაზღაურებადი ბიზნესებისა და ინდუსტრიების რაოდენობა, გარდა ამისა, ცხოვრების მაღალი დონე განაპირობებს. დამატებით კი, ქალაქებში ცხოვრების საერთო ღირებულება ისეთი ფაქტორებითაც განისაზღვრება, როგორიცაა გადასახადები, ტრანსპორტირების ხარჯები და პროდუქტებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობა.
Visual Capitalist-მა საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგის შესადგენად The Economist Intelligence Unit-ის (EIU) მონაცემები გამოიყენა. მონაცემების მისაღებად, გასულ წელს, EIU-მა 172 ქალაქში ორასზე მეტი პროდუქტისა და მომსახურების ფასი და სხვადასხვა ბიზნესი შეისწავლა.
შედეგად, 2022 წელს, საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქებს შორის სინგაპური და ნიუ-იორკი დასახელდა, რომელთაც 2021 წელს პირველი ადგილის მფლობელი თელ-ავივი, ამჯერად მესამე პოზიციამდე ჩამოაქვეითეს. გასულ წელს ორივე ქალაქისთვის დამახასიათებელი მაღალი ინფლაცია და ძლიერი ვალუტა იყო. ჰონგ-კონგი, ქალაქი მსოფლიოში უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ბაზრით, რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, მას მოჰყვება ლოს-ანჯელესი, რომელიც 2021 წლის რეიტინგში მეცხრე ადგილზე იყო.
რაც შეეხება საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად ძვირ ქალაქებს, მათ შორის კვლავ აზია დომინირებს, რომელსაც ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მოსდევს. ქვეყნების ქალაქთა ნაწილში ცხოვრების ღირებულება დაბალია, რაც ხდება სუსტი ვალუტის, ხშირ შემთხვევაში კი პოლიტიკური და ეკონომიკური არეულობების ფასადაც. ათწლეულების კონფლიქტმა სირიაში სირიული გირვანქა დაასუსტა, გამოიწვია სპირალური ინფლაცია, საწვავის დეფიციტი, რამაც ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად დააზარალა. გასაკვირი არაა, რომ მისმა დედაქალაქმა, დამასკომ, მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქებს შორის ბოლო (#172) პოზიცია შეინარჩუნა.
მათი სუსტი ეკონომიკების შესაბამისად, საცხოვრებლად ყველაზე ნაკლებად ძვირი ქალაქები დამასკოსთან ერთად ტრიპოლი (#171) და თეირანია (#170). აღსანიშნავია რეიტინგის ბოლო თორმეტეულში მოხვედრილი აზიის შვიდი ქალაქიდან, რომელთა საერთო მახასიათებელი მაღალი შემოსავლის უთანასწორობა და დაბალი ხელფასებია, სამი ინდოეთში მდებარეობს.
საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი (ინდექსის ქულა):
- სინგაპური, სინგაპური – 100
- ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები – 100
- თელ-ავივი, ისრაელი – 99
- ჰონგ-კონგი, ჰონგ-კონგი – 98
- ლოს-ანჯელესი, ამერიკის შეერთებული შტატები – 98
- ციურიხი, შვეიცარია – 94
- ჟენევა, შვეიცარია – 91
- სან-ფრანცისკო, ამერიკის შეერთებული შტატები – 85
- პარიზი, საფრანგეთი – 84
- კოპენჰაგენი, დანია – 83
საცხოვრებლად ყველაზე ნაკლებად ძვირი ქალაქები:
- კოლომბო, შრი-ლანკა – 38
- ბანგალორი, ინდოეთი – 38
- ალჟირი, ალჟირი – 38
- ჩენაი, ინდოეთი – 37
- აჰმადაბადი, ინდოეთი – 35
- ალმათი, ყაზახეთი – 34
- კარაჩი, პაკისტანი – 32
- ტაშკენტი, უზბეკეთი – 31
- ტუნისი, ტუნისი – 30
- თეირანი, ირანი – 23
- ტრიპოლი, ლიბია – 22
- დამასკო, სირია – 11