თვითმფრინავის საწვავის მზარდი ხარჯების შედეგად, დუბაის Emirates Airline-მა მიმდინარე წელიწადში (მარტამდე) $1.1 მილიარდი იზარალა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში საწვავი საოპერაციო ხარჯების 23%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც, 2020-2021 წლებში მისი წილი მხოლოდ 14% იყო. დუბაის ავიახაზების განცხადებით, კორონავირუსის პერიოდში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად კომპანიის შემოსავალი 91%-ით გაიზარდა და $16.1 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ Emirates-მა გასულ წელს $5.5 მილიარდი იზარალა.
Emirates Airline-მა მარტის ბოლოს 140 მიმართულებით განაახლა ფრენა, თუმცა საწვავის ფასების ზრდა პანდემიით დაზარალებული სექტორის აღდგენას აფერხებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საწვავის ფასები 50%-ზე მეტით გაიზარდა. Emirates-ის ინფორმაციით, ბოლო კვარტალებში ნავთობისა და თვითმფრინავების საწვავის ფასის ზრდასთან ერთად, კომპანიის საწვავის გადასახადი გაორმაგდა და $3.8 მილიარდს მიაღწია.
2021-2022 წლებში Emirates Airline-ის მთავარი ამოცანა ჯგუფის ისტორიაში ყველაზე რთული წლის შემდგომ აღდგენას წარმოადგენდა. ამჟამად, კომპანიის გამოწვევა საწვავის მაღალი ფასების, ინფლაციის, პოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, ავიახაზების ძველი მოგებიანობის დაბრუნებაა.
დატოვე კომენტარი