ნავთობით მდიდარი ცენტრალური აზიის სახელმწიფოში საწვავის ფასების ზრდას მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც ყაზახეთის მთავრობა გადადგა. მთავრობის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოთხშაბათს დაეთანხმა. პროტესტის მსვლელობისას, ალმათის მთავარ მოედანთან მომიტინგეთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და დამაყრუებელი ყუმბარები გამოიყენა, დაშავდა ასობით სამართალდამცავიც.
პროტესტებმა მნიშვნელოვნად შეარყია ყაზახეთის, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პოლიტიკურად სტაბილური და მკაცრად კონტროლირებადი ქვეყნის იმიჯი. დამოუკიდებლობის სამი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანამ ასობით მილიარდი დოლარი ნავთობისა და ლითონის მრეწველობაში, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად გამოიყენა. მინისტრთა კაბინეტის მოქმედ წევრებთან საუბრისას, თოყაევმა მათ და პროვინციის გუბერნატორებს LPG-ფასებზე, მათ შორის ბენზინზე, დიზელსა და სხვა მნიშვნელოვან სამომხმარებლო საქონელზე, კონტროლის აღდგენა უბრძანა. პრეზიდენტის მოთხოვნით მთავრობას კომუნალური მომსახურების ფასების გაყინვა და ღარიბი ოჯახებისთვის ქირის სუბსიდირებაც დაევალა.
მასობრივი პროტესტის გამო თოყაევმა საგანგებო მდგომარეობა, მათ შორის კომენდანტის საათი და გადაადგილებაზე შეზღუდვა, რამდენიმე ქალაქში დააწესა და აღნიშნა, რომ აქციებით დაზარალების მიუხედავად, ვითარება უმჯობესდება. პრემიერ-მინისტრის შეცვლის გარდა, თოყაევმა ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის ახალი მოადგილე დანიშნა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის, ნაზარბაევის, ძმისშვილი ჩაანაცვლა. თავად ნაზარბაევს, რომელიც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
საპროტესტო აქციები ყაზახეთის ნავთობის მწარმოებელ დასავლეთ პროვინციაში კვირას, ტარიფის გაორმაგების შემდეგ დაიწყო, რაც წინა დღეს ნავთობისა და გაზის ფასებზე ლიმიტის მოხსნას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ალმათის გარდა, პროტესტის მონაწილეები შიმკენტისა და ტარაზის სამთავრობო შენობებსაც თავს დაესხნენ, რის შედეგადაც დაიჭრა 95 პოლიციელი, 200-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს.
დატოვე კომენტარი