საუდის არაბეთის ნავთობის გიგანტის, Saudi Aramco-ს მოგებამ 2022 წლის მეორე კვარტალში კომპანიისათვის რეკორდული თანხა, 48.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 90%-ით მეტია და, მსოფლიოს უმსხვილესი ენერგოექსპორტიორისათვის სამი წლის წინ აქციების საჯაროს განთავსების შემდეგ, ერთ კვარტალში მიღებულ ყველაზე დიდ მოგებას წარმოადგენს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Saudi Aramco-ს მიერ დაფიქსირებული მოგება, ყველაზე დიდი კვარტალური მოგება გახლავთ, რაც კი ოდესმე ნებისმიერ კომპანიას აღურიცხავს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოგება რეკორდულად გაიზარდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Saudi Aramco-ს განცხადებით, მესამე კვარტალში დივიდენდის მოცულობა უცვლელი, 18.8 მილიარდი აშშ დოლარი დარჩება.
Saudi Aramco-ს განმარტებით, ნავთობზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომპანია გაფართოებას განაგრძობს. უნდა აღინიშნოს, რომ Saudi Aramco-ს მოგებაზე უდიდესი გავლენა არამხოლოდ პოსტკოვიდურმა მოთხოვნის აღდგენამ, არამედ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ენერგოპროდუქტებზე ფასების ზრდამაც იქონია.
Saudi Aramco-ს მსგავსად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საკმაოდ დიდი მოგება მიიღეს სხვა ნავთობმწარმოებლებმა, ExxonMobil-მა, Chevron-მა და BP-მაც. ცნობისთვის, გასულ კვირას OPEC+ ნავთობის ფასების შესამცირებლად, თანდათანობით წარმოების გაზრდაზე შეთანხმდა.
დატოვე კომენტარი