განვითარების $550-მილიარდიანი გეგმის, Neom-ის ფარგლებში, საუდის არაბეთი მსოფლიოში უდიდესი ნაგებობების მშენებლობას გეგმავს. ახალი შენობები ძირითადად ქვეყნის დაუსახლებელ ნაწილში, წითელი ზღვის სანაპიროდან უდაბნოს ჩათვლით არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება.
Neom-ის გეგმა გვირგვინოსან პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ეკუთვნის. საკითხთან დაახლოებული ანონიმური წყაროს ინფორმაციით, 500 მეტრი სიმაღლის ტყუპი ცათამბჯენები ჰორიზონტალურად, ათეულობით მილზე იქნება გადაჭიმული. შენობებში საცხოვრებელი, საცალო ვაჭრობისა და საოფისე ფართები განთავსდება. Neom-ის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, დიზაინერებს ნახევარი მილი (800 მეტრი) სიგრძის პროტოტიპზე მუშაობა დაევალათ და გეგმის სრულად შესრულების შემთხვევაში, თითოეული სტრუქტურა მსოფლიოში არსებულ ამჟამინდელ შენობებზე დიდი იქნება.
პრინც მუჰამედის მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს დაანონსებული Neom-ის გეგმა, ქვეყნის შორეული რეგიონების მაღალტექნოლოგიურ, ნახევრად ავტონომიურ შტატებად გარდაქმნას ითვალისწინებს. განვითარების გეგმით, სალმანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და საუდის არაბეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციას აპირებს. Neom-ის გეგმის მთავარი ნაწილი $200 მილიარდის ღირებულების, მანქანებისგან თავისუფალი, ხაზოვანი დაგეგმარების ქალაქ Line-ის შექმნა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, Line-ის გეგმა გიგანტური ჰორიზონტალური შენობებით ჩანაცვლდა. Neom-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი შესაძლოა საჯარო საინვესტიციო ფონდი გახდეს, რომლის თავმჯდომარეც თავად პრინცი მუჰამედია.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მსოფლიოში უდიდესი შენობა, დუბაის ბურჯ-ხალიფა მდებარეობს. საუდის არაბეთის პრინცმა ალვალიდ ბინ ტალალმა, ჯერ კიდევ წლების წინ ქალაქ ჯედას მიმდებარედ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობის მშენებლობა დააანონსა, თუმცა ცათამბჯენი კვლავ მხოლოდ ნაწილობრივაა დასრულებული.
დატოვე კომენტარი