საუდის არაბეთის „საჯარო საინვესტიციო ფონდი“ Nintendo-ს უმსხვილესი გარე აქციონერი გახდა. შედეგად, სუვერენული სიმდიდრის ფონდი, 6%-ის ნაცვლად, კიოტოში დაფუძნებული კომპანიის 8.3%-ს ფლობს, უსწრებს იაპონიის „საპენსიო საინვესტიციო ფონდს“ და მხოლოდ Nintendo-ს ჰოლდინგს ჩამორჩება.
საუდის არაბეთი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ცდილობს ქვეყნის ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს. პრინც მუჰამედ ბინ-სალმანის მმართველობის პერიოდში, ქვეყანა თამაშებისა და Esport-ის ინდუსტრიის მიმართულებით გაფართოებას ცდილობს. ყველაზე გამორჩეული, „საჯარო საინვესტიციო ფონდის“ ფარგლებში, $38 მილიარდის ბიუჯეტით Savvy Games Group-ის შექმნა გახლდათ, რომელმაც გასულ კვირაში, Tencent-ის მიერ მხარდაჭერილ ჩინურ Esport-ის კომპანიაში $260 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
განცხადების მიხედვით, Nintendo-ს აქციების ბოლო შესყიდვა საინვესტიციო მიზნებისთვის განხორციელდა. მხარეებს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ. „საჯარო საინვესტიციო ფონდის“ მზარდი პორტფელი ახლა მოიცავს Activision Blizzard-ის, Electronic Arts-ის, Take-Two Interactive Software-ისა და Koei Tecmo Holdings-ის აქციებს.
საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდის ინვესტიციები თანხვდენილია ქვეყნის 2030 წლის მიზნებთან, რომლებიც სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორობის შექმნასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინდუსტრიების მიმართულებით განვითარებას ითვალისწინებს. „საჯარო საინვესტიციო ფონდის“ ინტერესის სფეროში კი განახლებადი ენერგია, მონაცემთა ანალიზის ცენტრები და გასართობი კონტენტი შედის.
დატოვე კომენტარი