საუდის არაბეთმა და თურქულმა სამხედრო კონტრაქტორმა, Baykar-მა სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს, რაც სახელმწიფოში უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს აშენებას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთი ნაბიჯია მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა გასულ თვეს ისტორიული შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
საუდის არაბეთის ოფიციალური პირების განცხადებით, Baykar-თან თანამშრომლობით სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სამხედრო კომპანია SAMI ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
თურქული მედიაგამოცემა Anadolu Agency-ის ინფორმაციით, შეთანხმება საუდის არაბეთისათვის ტექნოლოგიის გადაცემასაც ითვალისწინებს.
რიადში თურქეთის სამხედრო კონტრაქტორებთან გამართულ შეხვედრებს საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ცერემონიას ისეთი თურქული სამხედრო კონტრაქტორები ესწრებოდნენ, როგორიცაა Aselsan-ი და Roketsan-ი.
ცნობისთვის, Baykar-მა საუდის არაბეთთან გასულ თვეს თურქეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო კონტრაქტი გააფორმა, რომელიც არაბული ქვეყნისთვის დრონების მიყიდვას ითვალისწინებს. საუბარია Akinci-ს ტიპის დრონებზე, რომელიც ცნობილი Bayraktar TB-2-ის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს. შეთანხმების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით საჯარო არ არის.