მარეგულირებლების დოკუმენტაციის თანახმად, საუდის არაბეთის პრინცის, ალვალიდ ბინ თალალის კონტროლქვეშ არსებულმა საინვესტიციო ფირმა Kingdom Holding-მა სამ უმსხვილეს რუსულ ენერგოკომპანიაში დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განათავსა. აღნიშნული ინვესტიცია თებერვლიდან მარტამდე დროის შუალედში განხორციელდა.
როგორც ჩანს, Gazprom-ში, Rosneft-სა და Lukoil-ში განთავსებული ინვესტიციის მიზანი გაუფასურებული აქტივების შეძენა გახლდათ. თუმცა, საინტერესოა, რომ საუდის არაბეთის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საინვესტიციო ფირმამ აღნიშნული ქმედება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რუსული ნავთობკომპანიებისათვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს საეჭვოდ დაამთხვია.
საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები კონფლიქტთან მიმართებით ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ. თუმცა, მათი ეს დამოკიდებულება დასავლური მთავრობების განაწყენებას იწვევს. დასავლეთი რუსეთის იზოლაციისათვის გადადგმულ ნაბიჯებში ყურის ქვეყნებისაგან თანამშრომლობას ელოდა.
ზემოხსენებული თანხიდან Kingdom Holding-მა 365 მილიონი აშშ დოლარი Gazprom-ში, 52 მილიონი აშშ დოლარი Rosneft-ში, $109 მილიონი კი – Lukoil-ში განათავსა. ცნობისათვის, საინვესტიციო ფირმის 16.9%-ს საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდი ფლობს, რომელსაც სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამად ბინ სალმანი ხელმძღვანელობს. თუმცა, საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდს აღნიშნულ ინვესტიციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.
რაც შეეხება პრინც ალვალიდ ბინ თალალს, მან სხვადასხვა დროს სარფიანი ინვესტიციები განახორციელა Citigroup-ში, Apple-ში, Uber Technologies-სა და Twitter-ში.
დატოვე კომენტარი