საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ჩინეთთან $10-მილიარდიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც გადამმუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერებმა ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხებიც განიხილეს.
ახალ პროექტს ნავთობგიგანტი Saudi Aramco, ჩინეთის თავდაცვის კონგლომერატ Norinco-სთან ერთად, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განავითარებს. ნავთობქიმიურ საწარმოს, რომელიც კრეკინგისთვის არის განკუთვნილი, წელიწადში 1.5 მილიონი ტონა ეთილენის წარმოება შეეძლება. Aramco კომპლექსს ნედლი მარაგის დაახლოებით 70%-ს მიაწვდის, პროექტი კი სავარაუდოდ 2024 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ნავთობკომპანიამ ჩინეთის Zhejiang Petrochemical-ის 9%-იანი წილიც შეისყიდა.
საუდის არაბეთმა ერთობლივი საინვესტიციო ფორუმის მსვლელობისას, ხელი მოაწერა ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის 35 ხელშეკრულებას, რომელთა საერთო ღირებულება $28 მილიარდია. სამეფომ ქვეყნის წამყვან ნავთობგიგანტ Saudi Aramco-სთან ერთად პაკისტანში $20-მილიარდიანი ინვესტიცია უკვე განახორციელა და ინდოეთის გადამმუშავებელ ინდუსტრიაში გაფართოებასაც გეგმავს.
რაც შეეხება ჩინეთთან სამომავლო გეგმებს, პრინც სალმანის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გასულ წელს 32%-ით გაიზარდა, აბრეშუმის გზის ინიციატივა და ჩინეთის სტრატეგიული ინიციატივა კი დიდწილად შეესაბამება სამეფოს 2030 წლის ხედვას. უახლოეს პერიოდში, საუდის არაბეთის სკოლებისა და უნივერსიტეტების კურიკულუმში ჩინური ენის დამატებაც იგეგმება.
დატოვე კომენტარი