Bloomberg-ის ინფორმაციით, 2022 წელს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა $11 მილიარდი იზარალა. ეს კი სწორედ ის წელი გახლავთ, როდესაც ფონდმა სპორტული ინვესტიციების განხორციელება აქტიურად დაიწყო. თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, ზარალის მიზეზი სპორტული ინვესტიციები არ გახლავთ.
გასული წლის შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი $19-მილიარდიან მოგებაზე გავიდა. მთლიანობაში 2022 წელი საინვესტიციო მიმართულებისათვის არასახარბიელო გამოდგა – 19.4%-ით შემცირდა უმსხვილესი ინდექსი S&P 500-ც. გასულ წელს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულებამ $778 მილიარდი შეადგინა.
შეგახსენებთ, აღნიშნული ფონდი ეროვნული სუვერენული სიმდიდრის ფონდია, რომელიც 2016 წლიდან ადგილობრივ და საერთაშორისო საინვესტიციო ბაზარზე დიდი ოდენობით ინვესტიციას ახორციელებს. ამ პერიოდიდან მოყოლებული სიმდიდრის ფონდმა 79 კომპანიის დაარსება შეძლო, რომელთა შორისაც არის Ryiadh Air-იც. გარდა ამისა, ფონდი Activision Blizzard-ის $3.3 მილიარდის აქციებსა და Uber-ის $2.3 მილიარდის ღირებულების აქციებს ფლობს.