საუდის არაბეთში ორი კილომეტრის სიმაღლის ცათამბჯენის აშენება იგეგმება

საუდის არაბეთში ორი კილომეტრის სიმაღლის ცათამბჯენის აშენება იგეგმება

ბოლო წლებში, საუდის არაბეთი ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, რაშიც დიდი წვლილი ქვეყნის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს მიუძღვის, რომელიც ფანტაზიის უნარს ნამდვილად არ უჩივის – ეს ის ადამიანია, რომელმაც, რამდენიმე თვის წინ, 487 მეტრის სიმაღლისა და 120 კილომეტრის სიგრძის შუშის ცათამბჯენის აშენება დააანონსა.

როგორც ჩანს, არაბული სახელმწიფო გაჩერებას არ აპირებს, რაზეც მიუთითებს ის, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში, მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის, ორი კილომეტრის სიმაღლის ცათამბჯენის აშენება იგეგმება, – აღნიშნული ინფორმაცია პირველად ახლოაღმოსავლურმა გამოცემამ, Meed-მა გაავრცელა. ეს ცათამბჯენი სიმაღლით ორჯერ გადააჭარბებს ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობას, 828-მეტრიან ბურჯ ხალიფას, რომელიც დუბაიში მდებარეობს. წინასწარი გათვლებით, ერ-რიადში ორკილომეტრიანი ცათამბჯენის აშენება დაახლოებით $5 მილიარდი დაჯდება.

გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენის პროექტირებით რვა კომპანია არის დაინტერესებული, რომელთაც კონკურსში მონაწილეობისთვის, $1 მილიონი გადაიხადეს. საინტერესოა, რომ თითოეული ეს კომპანია კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით წინასწარ იყო შერჩეული, მათ ინფრასტრუქტურული მეგაპროექტებისა და ულტრამაღალი შენობების პროექტები აქვთ მომზადებული.

კონკურსში მონაწილე არქიტექტურულ ფირმებს შორის წამყვან ამერიკულ, ფრანგულ და არაბულ კომპანიებს ვხვდებით. რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, ანუ ე.წ. „ფიზიბილითის“, მასზე მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო აუდიტორულმა კომპანიამ, EY-მ იმუშავა.

დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *