უნივერსიტეტისა და სპეციალობის არჩევა ერთდროულად სტრესული და მნიშვნელოვანი ეტაპია. უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პოტენციური შემოსავლის გასაზრდელად. საშუალოდ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები 80%-ით მეტს გამოიმუშავებენ მათზე, ვისაც მხოლოდ სკოლის დიპლომი აქვს.
საბაკალავრო პროგრამების დაახლოებით 2/3 (65%) კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, სწავლაში ჩადებული თანხა ათ წელზე, ან უფრო ნაკლებ დროში დაიბრუნონ. თუმცა, არსებობს სპეციალობები ინვესტიციის უფრო მცირე დროში დაბრუნების პერსპექტივითაც. Third way-ის მიერ მაიკლ იცკოვიცის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტის მიერ შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც 2015 და 2016 წლების 2.2 მილიონ კურსდამთავრებულს და მათ მიერ ორი წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს ააანალიზებს.
Third way-ის მიერ წარმოებული კვლევით გამოიყო 11 საბაკალავრო პროგრამა, რომლებიც კურსდამთავრებულებს ინვესტიციის დაბრუნების საშუალებას ხუთ წელსა ან უფრო ნაკლებ დროში აძლევს. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში შვიდი საინჟინრო სპეციალობა დომინირებს, მათ შორისაა სანავთობო, კოსმოსური და ინდუსტრიული ინჟინერია. საუკეთესო ინვესტიციების სიაში ინჟინერიის გარდა მეცნიერების, მათემატიკისა და ჯანდაცვის დარგები ხვდება, მათ შორისაა საექთნო, სტომატოლოგიური, მშენებლობისა და ხარისხის მართვის, ასევე უსაფრთხოების სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ სხვა დარგები, მაგალითად, თეატრალური და ქორეოგრაფიული, იმ სპეციალობებს შორისაა, რომელში განხორციელებული ინვესტიციაც უკან დაბრუნებისთვის საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, რაც ამ სფეროებში არასტაბილური დასაქმებითა და შეზღუდული ეკონომიკური შემოსავლით არის განპირობებული.
კვლევის ჩატარების დროს, მაიკლ იცკოვიცმა გამოითვალა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების შემოსავალი იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც მხოლოდ სკოლის განათლება აქვთ მიღებული. გარდა ამისა, მონაცემები შეადარა მათ მიერ სწავლაში გადახდილ თანხას, რაც ასევე მოიცავდა საცხოვრებლისა და სწავლისთვის აუცილებელი მასალის ხარჯებს. მაგალითისთვის, თუ სტუდენტი ბიზნესის მეიჯორს დაამთავრებს და მის სფეროში დასაქმებულ, საშუალო სკოლის განათლების მქონე პირზე 15,000 დოლარით მეტს გამოიმუშავებს, მისი სასწავლო ხარჯი კი 60,000 დოლარს შეადგენდა, ეს ნიშნავს, რომ მას სწავლაში ჩადებული თანხის ასანაზღაურებლად ოთხი წელიწადი სჭირდება.
როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს, მიღებული შედეგები მოსალოდნელი იყო, რადგან STEM-ისა (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მუდმივად მოთხოვნადი კადრები იყვნენ და მათ სწავლების დასრულებისთანავე მაღალი შემოსავლის მიღების უფრო დიდი შესაძლებლობა აქვთ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით ფინანსური პრობლემების გამო, ბევრი იძულებული გახდა, სამომავლო გეგმებისთვის გადაეხედა და ათი მოსწავლიდან ოთხი სპეციალობისა და უნივერსიტეტის არჩევისას ძირითად ფაქტორად სწორედ შეზღუდულ ფინანსებს ასახელებს.
კვლევის განმავლობაში შემოსავლების გარდა ყურადღება გამახვილებული იყო იმ სასწავლო დაწესებულების ტიპზე, რომელშიც კურსდამთავრებულმა უმაღლესი განათლება მიიღო. აღსანიშნავია, რომ საჯარო, კერძო და არაკომერციული დაწესებულების კურსდამთავრებულების შემოსავალს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. იცკოვიცის განცხადებით, საჯარო ინსტიტუტები საუკეთესო გზაა ინვესტიციის სწრაფად დაბრუნებისთვის და კვლევის თანახმად, საჯარო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების 73% სწავლაში დახარჯულ თანხას ათ წელზე ნაკლებ დროში ინაზღაურებს, როდესაც კერძო სასწავლებლების შემთხვევაში ეს რიცხვი 56%-ს უდრის. როგორც კვლევის ავტორი განმარტავს, საჯარო სასწავლებლები თითქმის ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე კერძო დაწესებულებები, იმ სპეციალობის არჩევის შემთხვევაში კი, რომელიც მაღალშემოსავლიანია, ინვესტიციის დაბრუნება ბევრად უფრო მარტივი ხდება.
კვლევის შედეგების მიუხედავად, სანტა-მონიკის დამოუკიდებელი საგანმანათლებლო კონსულტანტი ჯეფ ლევი სტუდენტებს მოუწოდებს, სპეციალობა მხოლოდ მაღალი პოტენციური შემოსავლის გამო არ აირჩიონ. მისი რჩევით, არ არსებობს მეთოდი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, თუ რომელი პროფესიები იქნება მეტად შემოსავლიანი ხუთ და ათ წელიწადში. მომავალი წარმატებისთვის კი საუკეთესო გარანტია იმ პროფესიის არჩევაა, რომელიც გვიყვარს და გვაინტერესებს.
წარმოგიდგენთ 11 საბაკალავრო პროგრამას და სტუდენტების პროცენტულ რაოდენობას, რომლებმაც ხუთ წელიწადზე ნაკლებ დროში, სწავლაში ჩადებული ინვესტიციის უკან დაბრუნება შეძლეს.
- დიპლომირებული მედდა, განყოფილების მედდა, საექთნო ადმინისტრირება – 99.7%
- ელექტრომექანიკური და ავტოსარემონტო ტექნოლოგიები/ტექნიკოსები – 98.5%
- ჯანდაცვის მომიჯნავე სფეროს, სამედიცინო ინტერვენციისა და მკურნალობის სპეციალისტები – 97.4%
- ელექტროინჟინერიის სპეციალისტები – 97.2%
- სამრეწველო წარმოების ტექნიკოსები – 96.1%
- სამხაზველო და ინჟინრული პროექტირება – 95.8%
- სანიტარი, პროფესიონალი მედდა, მედდის დამხმარე – 93.1%
- სტომატოლოგიური სფეროს სპეციალისტები – 92.8%
- კომპიუტერული პროგრამირება – 91.5%
- კლინიკური და სამედიცინო ლაბორატორიული მეცნიერებები/კვლევითი საქმიანობა – 90.9%