საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი საქართველოს ეკონომიკის სამ გამოწვევას ასახელებს.
ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარება და სავალუტო ფონდის მისიის როლი განიხილეს დისკუსიაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
პირველ გამოწვევად ტაო ჟანგი მცირე საექსპორტო ბაზას ასახელებს – “ტრადიციული საექსპორტო პროდუქცია, ისეთი როგორიცაა მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქტები არაა საკმარისი საქართველოს ექსპორტის ხელშესაწყობად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც გლობალურად ეკონომიკა იცვლება. ახალი სექტორები ვითარდება, მათ შორის ტურიზმი და ტრანსპორტი, თქვენ კი კონკურენცია ისეთ ქვეყნებს უნდა გაუწიოთ, რომელსაც მსგავსი მიზნები აქვს.
თავისუფალმა სავაჭრო შეთანხმებებმა ეკონომიკის დივერსიფიკაციას უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა ეს არაა საკმარისი”, -ამბობს ტაო ჟანგი.
მეორე გამოწვევად, შრომის ბაზარი სახელდება: – “საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული, მოსახლეობის ნაწილი კი უკვე საკმაოდ დიდი ხანია უმუშევარია. ამასთან, პრობლემაა მაღალი უთანასწორობა საზოგადოებას შორის. რეფორმების გატარებაა საჭირო ინკლუზიური ზრდის მისაღწევად.
რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? – საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა, მათ შორის სამსახურის საძიებო სერვისების განვითარების კუთხით”.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის მესამე გამოწვევა სამუშაო ძალის უნარებსა და შრომის ბაზარს შორის შეუსაბამობაა – “მსოფლიოში ტექნოლოგიები ვითარდება და ახალი ბიზნეს მოდელები ჩნდება. ახალ სამუშაო უნარებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ეს კი ნიშნავს, რომ სკოლებმა უნდა შეძლონ ისეთი სამუშაო ძალის მომზადება, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის შრომის ბაზარს სჭირდება. სამუშაო ძალის უნარები პრობლემატური საკითხია ქართული კომპანიებისთვისაც. უნდა განაგრძოთ განათლების რეფორმის გატარება, რომელიც მოთხოვნის შესაბამისი იქნება. ამაში კი იგულისხმება როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლება და მათ შორის მოხალისეობრივი ტრენინგებიც”, – ამბობს ტაო ჟანგი.
დატოვე კომენტარი