აშშ-ის 2024 ფისკალური წლისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან ქვეყნის კოსმოსური სააგენტოსთვის 27.2 მილიარდი აშშ დოლარია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ ეს $1.8 მილიარდით აღემატება NASA-სთვის მიმდინარე წელს გამოყოფილ ფინანსურ სახსრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტოს ბიუჯეტი 7%-ით გაიზრდება. ჯერი კონგრესზეა, რომელმაც ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს.
შემოთავაზებული ბიუჯეტიდან NASA-სთვის 8.1 მილიარდი დოლარი 2024 ფისკალურ წელს მთვარის კვლევის პროგრამა „არტემისისთვის“ გამოიყოფა. ეს არის $500-მილიონიანი ზრდა 2023 წლის Artemis-ის დაფინანსებასთან შედარებით.
ბიუჯეტში 949 მილიონი აშშ დოლარი NASA-ს მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის პროექტისთვის არის განსაზღვრული. შეგახსენებთ, ამ პროექტში ის ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) თანამშრომლობს. ბოლო ინფორმაციით, წითელი პლანეტიდან ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა 2033 წელს იგეგმება.
სხვა მნიშვნელოვან პროექტებს შორის, რომლებიც 2024 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ასევე ვხვდებით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) ორბიტიდან გამოსაყვან მექანიზმს. ამისთვის $180 მილიონია განსაზღვრული. ცნობისთვის, ISS-ის ფუნქციონირების შეწყვეტა 2030 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი – დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულს ორბიტიდან გამოიყვანენ და მის წყნარ ოკეანეში ჩაშვებას შეეცდებიან.
გარდა ამისა, აღსანიშნავია NASA-ს „Earth Science“-პროგრამა, რომლისთვისაც $2.5 მილიარდია განსაზღვრული.
როგორც ცნობილია, ბიუჯეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია 13 მარტს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი