სახლის ყიდვა ყველაზე ძვირი კვლავ მონაკოშია,- აცხადებს უძრავი ქონების სერვისების მიმწოდებელი კომპანია Savills-ი, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ფასებს იკვლევს.
მონაკოში Savills-ის მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით, ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი დაახლოებით 47 600 ევროა. ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 1.1%-ით მეტია. მეორე და მესამე ადგილზე კი ჰონკონგი და ნიუ-იორკია. ჰონკონგში 2020-ში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 39 600 ევრო იყო. ნიუ-იორკში კი – 22 200 ევრო.
ცნობისთვის, 2019 წელთან შედარებით, 2020-ში მონაკოში ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით შემცირდა, ვილებისა და ოთხ- და მეტსაძინებლიანი აპარტამენტების ყიდვის რაოდენობამ 53% და 38%-ით იკლო. ამასთან, 10 მილიონზე მეტი ევროს ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვები 39%-ით შემცირდა.
მონაკოში მონტე-კარლოს ტერიტორიაზე ტრანზაქციებმა 2020 წლის გაყიდვების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) დაიკავა, სადაც პირიქით, გაყიდვები 14%-ით გაიზარდა კიდეც. თუმცა საერთო ჯამში მონაკოში კორონავირუსის გამო ტრანზაქციების კლებაა. შემცირდა ასევე გაქირავების რაოდენობაც. კლება ამ შემთხვევაში 2020-ში 23% იყო.
„მონაკოს მიმართ საერთაშორისო ინტერესი 2020 წლის განმავლობაში შენარჩუნებული იყო. ჩვენ ველოდებით, რომ სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, გაიზრდება მოთხოვნა როგორც გაყიდვებზე, ასევე გაქირავებაზე“, – განაცხადა Savills-ის მონაკოს ოფისის ხელმძღვანელმა ირენ ლუკმა.
დატოვე კომენტარი