ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეულ საზღვაო საზღვრის შეთანხმებას ისრაელი და ლიბანი, სავარაუდოდ, ხელს ხუთშაბათს მოაწერენ. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი აკეთებს.
მტრული ისტორიული წარსულის მქონე მეზობლებს შორის შეთანხმება მნიშვნელოვანი კომპრომისია, რომელიც, ერთი მხრივ, დაძაბულობის წყაროს შეამცირებს, ამასთან ერთად კი ოფშორული ენერგიის მოპოვების ზრდას შეუწყობს ხელს. „ხუთშაბათს ჩვენ ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შუამდგომლობით გაფორმდა“, განუცხადა ისრაელის პრემიერმა მის ჰოლანდიელ კოლეგას მარკ რუტეს.
შეგახსენებთ, რომ ლიბანმა და ისრაელმა მრავალწლიანი დაპირისპირების შემდგომ აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყეს, თუმცა შეფერხებებით. არაპირდაპირი მოლაპარაკებები ლიბანში გაეროს სამშვიდობო ბაზაზე წარიმართა.
საზღვაო და სახმელეთო საზღვარი ქვეყნებს შორის უკვე ათწლეულებია, რაც დაპირისპირების საგანს წარმოადგენს. ცნობისთვის, საზღვაო საზღვარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაპირისპირებული მხარეებისთვის, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე განიხილება ბუნებრივი რესურსების არსებობის შესაძლებლობა. საზღვაო საზღვრის დავის გამოა შეჩერებული ამჟამად პოტენციურად გაზით მდიდარ ზონაში შესაბამისი კვლევების წარმოება.
დატოვე კომენტარი