ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, თავისი მოქალაქეებისთვის პასპორტის განახლება აკრძალა. ახალმა განკარგულებამ შესაძლოა, რეპრესიებს გაქცეული მოქალაქეები აიძულოს, სამოგზაურო დოკუმენტაციის შესანარჩუნებლად ქვეყანაში დაბრუნდნენ.
ლუკაშენკოს ახალი ბრძანებით, ბელარუსის პასპორტი შესაძლოა განახლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მფლობელი, ქვეყნის დატოვებამდე, რეგისტრირებული რეზიდენტი იყო. გარდა ამისა, ორშაბათს გამოქვეყნებული განკარგულება მოქალაქეებისგან მოითხოვს, ქონების გასაყიდად ან თავად იმყოფებოდნენ ფიზიკურად ქვეყანაში, ან ბელარუსში ხელმოწერილი მინდობილობა წარმოადგინონ.
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ბელარუსი, მასობრივი რეპრესიების შედეგად, დაახლოებით 300,000-მდე ადამიანმა დატოვა. ოპოზიციური ნაწილის მიმართ გატარებული რეპრესიები მათმა საპროტესტო გამოსვლებმა გამოიწვია, რომლებიც პრეზიდენტ ლუკაშენკოს მეექვსე ვადით არჩევას მოჰყვა. ბელარუსის უფლებადამცველთა ჯგუფ Viasna-ს მონაცემებით, 1,500-ზე მეტი ადამიანი ამჟამად პოლიტპატიმარია.
ოპოზიციის ლიდერ სვიატლანა ციხანოუსკაიას განცხადებით, დევნის რისკის შემთხვევაში, მოქალაქეები პასპორტის ვადის ამოწურვის შემთხვევაშიც არ უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში. თავად ციხანოუსკაია 2020 წლის არჩევნების შემდგომ რეპრესიებს ლიეტუვაში გაექცა. როგორც მან Associated Press-თან აღნიშნა, პოლონეთმა და ლიეტუვამ ბელარუსებისთვის ე.წ. „უცხო ქვეყნის მოქალაქეების პასპორტები“ გასცა, რაც მათ ამ ქვეყნებში დარჩენის საშუალებას მისცემს.