სემეკში ხარისხის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. შესაბამისი სერტიფიცირება მარეგულირებელმა კომისიამ უცხოელი ექსპერტების მი ერ ჩატარებული ერთწლიანი აუდიტის შედეგად ცოტა ხნის წინ მოიპოვა. ორგანიზაციის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მუშაობა ამით არ სრულდება.
„სხვა ევროპული მარეგულირებლების მსგავსად, სემეკიც ცივილიზებული ოჯახის წევრია”, – ამბობს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.
საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა სემეკში 2020 წლის იანვრიდან დაიწყო. ჩატარდა საკონსულტაციო სამუშაოები და განხორციელდა სასერტიფიკაციო აუდიტი. ISO-ს ექსპერტებმა პროცესში ყურადღება გაამახვილეს იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც უშუალოდ შეეხება იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევას, სატარიფო პოლიტიკის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სემეკის საქმიანობის საჯაროობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, მათ პრეტენზიებზე რეაგირების საკითხებს. პროცესში სემეკის საქმიანობასა და მის მიზნებთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობებიც განისაზღვრა.
სემეკის წევრი მაია მელიქიძე ამბობს, რომ მთელი ის პროცესები, რასაც ISO 9001:2015 ითვალისწინებს, ორგანიზაციაში მანამდეც არსებობდა, უბრალოდ, უფრო ზეპირი სახით.
„სემეკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ რისკების განსაზღვრა, რომელთა წინაშეც როგორც მთლიანად კომისია, ასევე ცალკეულად, თითოეული დეპარტამენტი დგას. ახლა კი ჩვენ შევძელით ამ რისკების დოკუმენტირებულად იდენტიფიცირება და დავიწყეთ მათი შემსუბუქება. დღეს არსებული ხარისხის მართვის სისტემა კი უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზაციის მდგრად განვითარებას, გამჭვირვალობასა და, ბუნებრივია, პროცესების ობიექტურ შეფასებას”, – აღნიშნა მაია მელიქიძემ. ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის ძირითადი პრინციპებიც სწორედ მომხმარებელზე ორიენტაცია, პერსონალის ჩართულობა, პროცესუალური მიდგომები, სისტემური მიდგომა მენეჯმენტისადმი, მუდმივი გაუმჯობესება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებია.
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში სემეკს კონსულტაციას კომპანია „მენეჯმენტის სისტემები“ უწევდა, რომლის დირექტორს, ელგუჯა მელაძეს, მიაჩნია, რომ სემეკის მიერ მოპოვებული სერტიფიცირება ამ ორგანიზაციის მიერ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ერთი მხრივ, შეიძლება გქონდეს სურვილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მართვის პროცესები დანერგო ორგანიზაციაში, თუმცა ორგანიზაცია ამისთვის მზად უნდა იყოს, რომ მათი განხორციელება შეძლოს. სემეკის პროფესიონალი კადრების დამსახურებაა სწორედ ის, რომ ჩვენ შევძელით მარეგულირებელ კომისიაში ამ სისტემის ინტეგრირება“, – აღნიშნა ელგუჯა მელაძემ, რომლის საკონსულტაციო კომპანიამ სემეკთან ერთად შეიმუშავა ორგანიზაციის სტრუქტურაზე, ამოცანებსა და მომხმარებლებზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მენეჯმენტის სისტემა და უზრუნველყო მისი იმპლემენტაცია.
რას გვაძლევს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემების დანერგვა? – ეს ნიშნავს ორგანიზაციის ბიზნესპროცესების დახვეწასა და მუდმივ გაუმჯობესებას. ხარისხის მართვის სისტემა ასევე ეხმარება ორგანიზაციას, მართოს პროცესები ისე, რომ მისი საქმიანობა გახდეს ეფექტიანი და შედეგის მომტანი, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე იყოს დაფუძნებული. სისტემის მოკლევადიანი მიზნები გრძელვადიანი პერსპექტივის შემადგენელია, თუმცა, ამასთან, გადამწყვეტია ბაზრის ცვალებადი პირობებისა და მომხმარებლის მოთხოვნებისადმი მოქნილი მორგების უნარი. ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე ტარიფების დადგენა და სწორი ბალანსის დაცვა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, რასაც ემატება ორგანიზაციის გამჭვირვალობის მაღალი დონე.
„სემეკი დარგში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციაა და ეს ასე იყო სერტიფიკატის აღებამდეც. ამ ორგანიზაციიდან მარტივია ინფორმაციის გამოთხოვა. კომუნიკაციისას თანამშრომლები სწრაფები და უშუალოები არიან. მათი საჯაროობისა და ცნობადობის ამაღლების პროგრამები აქამდეც აღსანიშნავი და მოსაწონი იყო“, – განმარტავს Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი და ამის დასტურად მოჰყავს სემეკში დაარსებული მედიაკლუბი, სემეკის სხდომების საჯაროობა და ამ ორგანიზაციაში ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა.
ასეთი მაღალი მოთხოვნების შესრულება კი მხოლოდ იმ ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომლებსაც დანერგილი აქვთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემა. აღნიშნული სისტემა სტრუქტურული და გამჭვირვალე პროცესების მეშვეობით უზრუნველყოფს ორგანიზაციის თანამედროვე და გამართული მიდგომებით მართვას. ამ სტანდარტის გამოყენების შედეგი იქნება სწორედ ის, რომ ორგანიზაციამ მომხმარებლისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოს.
ზოგადად, სემეკი მუდმივად ცვლილებების პროცესშია. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან ერთად იცვლება მისი სტრუქტურაც და პასუხისმგებლობაც. ამ პროცესში კი, მარიამ ჩახვაშვილის თქმით, საერთაშორისო მართვის სერტიფიკატი და მისი მაკონტროლებელი პირები გარკვეულწილად გვაძლევენ გარანტიას, რომ ნებისმიერი ცვლილება თანამშრომლების ინტერესების დაცვითა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით განხორციელდება. „აქ მენეჯმენტის ნებას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე სერტიფიკატსა და ფორმალობებს“, – ამბობს Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი.
როდესაც ორგანიზაციაში პროცესები გამართულია, პასუხისმგებლობები სწორადაა განსაზღვრული და დელეგირებული შესაბამის თანამშრომლებზე, მაშინ მომხმარებლებთან კომუნიკაციაც უფრო სწრაფად ხდება, მათი უფლებების დაცვაც და ბაზრის გაუმჯობესებაზე ფიქრის დროც რჩება. „საკმაოდ დიდი უფლებები აქვს სემეკს და მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანიზაცია პატიოსანი და მცოდნე კადრებით იყოს დაკომპლექტებული“, – მიიჩნევს მარიამ ჩახვაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ISO სერტიფიკატის მიღება ავტომატურად ნიშნავს მის შენარჩუნებაზე მუდმივ ზრუნვას, ამიტომაც მისი გაცემიდან 12 თვეში ერთხელ ISO განახორციელებს საკონტროლო, საზედამხედველო აუდიტებს, რა დროსაც შეფასდება გაუმჯობესების პროცესი.
სემეკში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზა, მომსახურების ხარისხი, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, კომპანიების ვალდებულებების აღსრულების კონტროლი და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია სექტორის გაჯანსაღებისა და მომხმარებელთათვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისკენ.
„ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანაა, რომ სემეკმა არ შეანელოს განვითარების ტემპები, მუდმივად იყოს ისეთი ინსტიტუცია, რომელიც ნერგავს სიახლეებს და გახსნილია ინოვაციებისადმი. ამიტომაც წამახალისებელია ის გამოწვევა, რომელსაც ISO სტანდარტი ითხოვს და აწესებს ორგანიზაციაში“, – ამბობს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია. მისივე თქმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხარისხის მართვა სისტემატურად გაუმჯობესდება ნორმატიული და მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესში. ამასთან, სემეკი საქმიანობის ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს ყოველწლიურად განახორციელებს.
დატოვე კომენტარი