საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში 636 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 452 ათასი იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდნენ საქართველოში).
2021 წლის სექტემბერთან შედარებით, წელს სექტემბერში 2.6-ჯერ (389 ათასი კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 2.2-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2019 წლის სექტემბერში 281 ათასი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2021 წლის სექტემბერში. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 87 ათასით მეტი იყო.
მიმდინარე წლის სექტემბერში ყველზე მეტი ვიზიტორი – 163 ათასი რუსეთიდან შემოვიდა. სომხეთიდან 84 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, თურქეთიდან 82 ათასი, ისრაელიდან 24 ათასი და ბელარუსიდან 20 ათასამდე. რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელსაც გადაასწრო 11%-ით.
ცხრა თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 148%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 199%-ით გაიზარდა. ცხრა თვეში საქართველოში ჩამოვიდა 3.4 მილიონი ვიზიტორი, საიდანაც ტურისტი 2.7 მლნ იყო.
10 ქვეყანა საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | ვიზიტორების რაოდენობა | ზრდა/კლება |
რუსეთი | 163,192 | 130,053 |
სომხეთი | 83,603 | 65,445 |
თურქეთი | 81,790 | 49,509 |
ისრაელი | 24,050 | 16,154 |
ბელარუსი | 19,644 | 7,786 |
უკრაინა | 18,269 | -4,703 |
ირანი | 17,277 | 15,563 |
ყაზახეთი | 14,870 | 3,940 |
აზერბაიჯანი | 14,812 | 6,086 |
საუდის არაბეთი | 10,686 | 1,348 |
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
დატოვე კომენტარი