1-3 სექტემბერს თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით სტარტაპერი, ინვესტორი და საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელი ეწვევა. ისინი საქართველოში შექმნილი ახალი პლატფორმა The Crossroads-ის ფარგლებში ჩამოვლენ. აღნიშნული პლატფორმის მიზანს სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება, გაძლიერება და რეგიონული სტარტაპ-ჰაბის შექმნა წარმოადგენს.
THE Crossroads-ის ქართველი თანადამფუძნებლის, ნიკოლოზ კობახიძის აზრით, საქართველოს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სტარტაპების რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბების უდიდესი პოტენციალი აქვს. „საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსს ინტელექტუალური პოტენციალი წარმოადგენს“, – ამბობს ნიკოლოზ კობახიძე Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.
THE Crossroads-ის ღონისძიებაზე დასწრებისა და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სტარტაპერებსაც ექნებათ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან, ბალტიისპირეთიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ლათინური ამერიკიდან და სხვა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება გამოფენა, სადაც სტარტაპერები თავიანთ იდეებს, გეგმებსა და სტრატეგიებს საერთაშორისო ინვესტორებს წარუდგენენ. პროექტების წარდგენის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და მისი ვადა 30 ივნისს იწურება. THE Crossroads-ის თანადამფუძნებლის, სვეტალ კუმარის თქმით, სტარტაპერების წამახალისებელი პროგრამა სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და ის დარწმუნებულია, რომ THE Crossroads-ის ინიციატივა საქართველოშიც აუცილებლად გაამართლებს.
დატოვე კომენტარი