ბალკანეთში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კოსოვო და სერბეთი უმაღლესი დონის შეხვედრაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, რამდენიმე დოკუმენტი ორივე ქვეყნის მხრიდან ხელმოსაწერად უკვე მზადაა.
ქვეყნებს შორის შუამავალმა მიროსლავ ლაიჩაკმა განცხადება დუბროვნიკის ფორუმის რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. ლაიჩაკს შეთანხმებების პირობები არ გაუსაჯაროებია, თუმცა გასულ თვეში აღნიშნა, რომ სერბეთი და კოსოვო, „ბრიუსელის დიალოგის“ ფარგლებში, ენერგეტიკული ხელშეკრულების განსახორციელებელ გეგმაზე შეჯერდნენ. ორ ქვეყანას შორის მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება ლაიჩაკის მედიატორობის დაწყების შემდგომ იქნება პირველი, რომელსაც ორივე მხარე მოაწერს ხელს.
მთავარი პრობლემა სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოს მუნიციპალიტეტებში ენერგომომარაგების საფასურის გადახდაა. 1999 წელს, კოსოვოს ომის დასრულების შემდგომ, სიტუაცია გადაუჭრელი დარჩა, რადგან სერბები კოსოვოს ინსტიტუციებს არალეგალურად ცნობდნენ და გადასახადის გადახდაზე უარს აცხადებდნენ. ახალი გეგმის თანახმად, კოსოვოს „ენერგეტიკის მარეგულირებელი ოფისი“ მიწოდებაზე ლიცენზიას Drustvo Elektrosever-ს გადასცემს. Drustvo Elektrosever-ი კოსოვოში, სერბეთის სახელმწიფო ენერგოპროვაიდერ Elektroprivreda Srbije-ის შვილობილი კომპანიაა.
კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებითაა დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. 2011 წელს ევროკავშირმა კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დიალოგის პროცესი დაიწყო. თუმცა ევროკავშირის ძალისხმევა, ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობების გამო, მეტწილად უშედეგო იყო.
დატოვე კომენტარი