რუსეთიდან ხორვატიის გავლით ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვის შემდგომ, სერბეთი €12-მილიარდიან ენერგეტიკულ საინვესტიციო გეგმას აყალიბებს. პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის ინფორმაციით, დაფინანსება მომავალი ექვსი წლის განმავლობაში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში განხორციელდება და დივერსიფიკაციასა და უსაფრთხო მიწოდებას უზრუნველყოფს.
გასულ უქმეებზე გამოქვეყნებულ საჯარო მიმართვაში ვუჩიჩმა ნავთობის წყაროების დივერსიფიკაციაზე ისაუბრა და დასძინა, რომ სერბეთს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ნავთობისთვის უფრო მეტის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ სერბეთის პრეზიდენტის განცხადება ევროკავშირის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც მის ტერიტორიაზე რუსული ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას ითვალისწინებს.
ვუჩიჩის ინფორმაციით, წყაროებისა და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია ნოვი-სადიდან (ჩრდილოეთი სერბეთი) უნგრეთამდე, 128-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობას გულისხმობს. ცნობისთვის, სერბეთის ნავთობკომპანია NIS-ი, რომლის უდიდესი ნაწილი რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა, ნოვი-სადსა და პანჩევოში ორ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას ფლობს. პრეზიდენტი პროექტის ღირებულებას €100 მილიონად აფასებს, თუმცა მისი განხორციელების თარიღს არ აკონკრეტებს.
სამაგიეროდ, ვუვიჩი საუბრობს ინფრასტრუქტურაში €12-მილიარდიანი ინვესტირების 6-წლიან გეგმაზე და მის მნიშვნელობაზე სერბეთისთვის, რადგან ენერგეტიკა ქვეყნისთვის „სისხლის ნაკადთანაა“ გაიგივებული. ამ გეგმის ნაწილია სამხრეთით მიმავალი მილსადენიც, ჩრდილოეთ მაკედონიის გავლით ალბანეთის პორტ Drac-ამდე და ირანიდან, ვენესუელიდან და სხვა ქვეყნებიდან მიღებული ნავთობის გადამმუშავებელი ქარხნები.
დატოვე კომენტარი