ჩოგბურთისა და ფორმულა 1-ის ვარსკვლავები, სერენა უილიამსი და ლუის ჰამილტონი რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის „ჩელსის“ შესაძენად მარტინ ბროუტონის შეთავაზებას უერთდებიან. ჩოგბურთის “დიდი სლემის” 23-გზის გამარჯვებული და ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი £2.5-მილიარდიან გარიგებაში 10-10 მილიონი გირვანქა სტერლინგით შესვლას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გარიგებაში ბრიტანელი ბიზნესმენისა და International Airlines Group-ის თავმჯდომარის მოადგილე ბროუტონის პარტნიორები ასევე არიან მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, სებასტიან კოუ და საკალათბურთო გუნდ „ფილადელფია სევენთი-სიქსერსის“ მფლობელები, ჯოშ ჰარისი და დევიდ ბლიცერი. აღსანიშნავია, რომ ჰარისსა და ბლიცერს ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე კლუბ „კრისტალ პალასში“ აქვთ წილები, რომელთა გაყიდვაც „ჩელსის“ აქციების შესაძენად სურთ.
ლუის ჰამილტონის გადაწყვეტილება „ჩელსიში“ ინვესტიციის განხორციელების შესახებ საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ფორმულა 1-ის პილოტი ლონდონის „არსენალის“ ქომაგია.
რაც შეეხება სერენა უილიამსს, აღსანიშნავია, რომ ის Angel City FC-ს ინვესტორია. კლუბი აშშ-ის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში „ჩელსის“ შესაძენად საბოლოო შეთავაზებები ასევე გააკეთეს ბეისბოლის გუნდის, LA Dodgers-ის თანამფლობელმა ტოდ ბოელიმ და NBA-ს გუნდ „ბოსტონ სელტიკსის“ თანამფლობელმა სტივენ პალიუკამ.
დატოვე კომენტარი